ახალი ამბები

გლდანელმა და ხაშურელმა ფეხბურთელებმა იჩხუბეს — შესაძლოა, ორივე გუნდი დაისაჯოს

16 ივნისი, 2022 • 822
გლდანელმა და ხაშურელმა ფეხბურთელებმა იჩხუბეს — შესაძლოა, ორივე გუნდი დაისაჯოს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის თქმით, 15 ივნისს ხაშურის სტადიონზე ფეხბურთელების ფეხბურთელებათან და მაყურებელთან დაპირისპირებასთან დაკავშირებით ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს. ამის შესახებ კობიაშვილმა განცხადება ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

„ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ხაშურში. ამ ქალაქში გულშემატკივარი დიდი ხნის განმავლობაში ელოდა ახალ სტადიონს და ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ინციდენტი დაფიქსირდა.

მსგავსი შემთხვევები აზიანებს ჩვენთვის საამაყო სპორტის სახეობას, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ვწუხვარ, რომ ასეთი ფორმით მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხაშურის ახალი სტადიონი“, — წერს კობიაშვილი.

საქმე ეხება ხაშურის „ივერიისა“ და თბილისის „გლდანის“ ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირებას. კერძოდ, თავდაპირველად, მატჩის მიმდინარეობისას ჩხუბი ფეხბურთელებს შორის დაიწყო, როდესაც ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მინის ბოთლი ისროლა სტადიონზე. ამის შემდეგ „გლდანის“ მეკარემ ბოთლი უკან, გულშემატკივრებისკენ გაისროლა, თუმცა „ივერიის“ ერთ-ერთ ფეხბურთელს, სანდრო ხაჩიძეს მოარტყა თავში. ადგილობრივი მედიასაშუალება „TV ივერიის“ ინფორმაციით, ფეხბურთელს სახის არეში ორი ნაკერი დაადეს და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

მომხდარის შემდეგ ტრიბუნებზე მყოფი ათობით გულშემატკივარი სტადიონზე ჩავიდა და დაპირისპირებაში ჩაერთო.

გარეკანის ფოტო: “TV ივერია”

მასალების გადაბეჭდვის წესი