ახალი ამბები

თუ დონეცკი აიღო და გაჩერდა, ეს რუსეთის გამარჯვებაა – კობახიძე

15 ივნისი, 2022 • 1896
თუ დონეცკი აიღო და გაჩერდა, ეს რუსეთის გამარჯვებაა – კობახიძე
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ რუსეთის ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონეცკის ოლქის დაკავება შეძლეს, “შეიძლება ამით დასრულდეს ომი”. ამ საკითხზე კობახიძემ “პალიტრა ნიუსის” ეთერში ისაუბრა.

წამყვანმა კობახიძეს ჰკითხა უკანასკნელ პერიოდში გახმიანებულ გზავნილებზე დასავლეთის მიერ საქართველოს “ომში ჩათრევასთან” დაკავშირებით.

“თუ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ დასავლეთი ცდილობს ჩვენს ომში ჩართვას, ან ამერიკა, ან ევროკავშირი თავს გვახვევს ომს”, — ჰკითხეს “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, რის საპასუხოდაც კობახიძემ დასძინა:

“მე ერთი ვთქვი და ძალიან ზოგადად ვიტყვი ახლაც. რა თქმა უნდა, სუბიექტური ინტერესი ამ კუთხით შეიძლება არსებობდეს. ნახეთ, რა კუთხით: რა თქმა უნდა, საქართველოს ჩართვა ომში, მეორე ფრონტის გახსნა, რუსეთს გაურთულებს ვითარებას, ახლა არ აქვს სათანადოდ გართულებული ვითარება უკრაინაში.

მძიმედ წარიმართება, ხომ, პროცესები? სევეროდონეცკში მძიმედ მიდის პროცესი, იქ გადავლენ ლისიჩანსკზე, დონეცკი და ა.შ. შეიძლება ამით დასრულდეს ომი და თუ ასე მოხდა — მე არ ვიცი, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ დასრულდება — მაგრამ თუ ასე მოხდა, რომ დონეცკის ოლქი აიღო და გაჩერდა რუსეთი, ეს არის, რა თქმა უნდა, რუსეთის გამარჯვება, იმიტომ, რომ ექნება უკრაინის 22 თუ 23% ოკუპირებულია, მთელი აზოვის ზღვა წაღებული და ა.შ.”, – განაცხადა კობახიძემ.

სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი, რომლებიც კობახიძემ ახსენა, აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის ოლქის მეზობლად, ლუგანსკის ოლქში მდებარეობს. სევეროდონეცკი საკვანძო ქალაქია, რომლის დიდ ნაწილსაც, 1-თვიანი ბრძოლების შემდეგ, რუსეთი აკონტროლებს.

დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები დონბასის რეგიონში ერთიანდება. რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები 2014 წლიდან აკონტროლებდნენ დონბასის ნაწილს, თუმცა 2022 წელს, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის კონტროლის სფერო იქ მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

2022 წლის თებერვალში, როცა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ის დონეცკისა და ლუგანსკის დაკავებას საერთოდაც არ ასახელებდა სამხედრო კამპანიის საბოლოო მიზნად.

სამხედრო ინტერვენციის დასაწყისში რუსეთი ამბობდა, რომ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციად” წოდებული კამპანიის მიზანი უკრაინის “დემილიტარიზაცია” [შეიარაღებული ძალების განადგურება] და “დენაციფიკაცია” [ხელისუფლების ცვლილება] იყო.

ომის პირველ 1 თვეში რუსეთი უტევდა უკრაინის საკვანძო ქალაქებს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. “დონბასის გათავისუფლებაზე” ფოკუსირების შესახებ მოსკოვმა მხოლოდ მას შემდეგ განაცხადა, რაც ვერ შეძლო უკრაინის ხელისუფლების სწრაფად დამხობა და რიგი საკვანძო ქალაქების, მათ შორის, კიევის დაკავება.

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა. მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი.

მასალების გადაბეჭდვის წესი