ახალი ამბები

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა დასავლეთისგან მეტ მძიმე შეიარაღებას საჭიროებს

15 ივნისი, 2022 • 722
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა დასავლეთისგან მეტ მძიმე შეიარაღებას საჭიროებს

დასავლეთმა მეტი მძიმე შეიარაღება უნდა მიაწოდოს კიევს იმ ფონზე, როცა ეს უკანასკნელი რუსეთის ძალების წინსვლის შეჩერებას ცდილობს ქვეყნის აღმოსავლეთით. აღნიშნულის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„დიახ, უკრაინას უნდა ჰქონდეს მეტი მძიმე შეიარაღება“, — ციტირებს რადიო „თავისუფლების“ ინგლისურენოვანი გამოცემა კომენტარს, რომელიც სტოლტენბერგმა ჰააგაში, ნატოს მოკავშირე ევროპული ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გაახმიანა.

მისივე სიტყვებით, ნატო უკვე „აძლიერებს“ იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის და ოფიციალური პირები ბრიუსელში 15 ივნისს შეიკრიბებიან შემდგომი მხარდაჭერის კოორდინაციის მიზნით. როგორც სტოლტენბერგმა თქვა, აღნიშნული მხარდაჭერა  მძიმე შეიარაღებასაც გულისხმობს.

ბოლო პერიოდში უკრაინა კიდევ უფრო აქტიურად მოუწოდებს მოკავშირეებს, მიაწოდონ მძიმე შეიარაღება, რათა უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის ძალების წინსვლის შეჩერება შეძლოს.

სამშაბათს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანამ მიიღო მხოლოდ ნაწილი იმ იარაღისა, რომელსაც ითხოვდა, ხოლო პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ თქვა, რომ დასავლეთი „საკმარისს არ აკეთებს“ კიევის მხარდასაჭერად.

როგორც რადიო „თავისუფლება“ წერს, მიუხედავად სტოლტენბერგის თანხმობისა, რომ კიევს მართლაც უნდა მიეწოდოს მეტი მძიმე შეიარაღება, მას დეტალები არ დაუკონკრეტებია.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა. მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი.

ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ლუგანსკში, სადაც ერთ-ერთი საკვანძო ქალაქი სევეროდონეცკი მდებარეობს. 1-თვიანი ინტენსიური ბრძოლების შემდეგ, მის დიდ ნაწილს ახლა რუსი სამხედროები აკონტროლებენ.

გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ სევეროდონეცკისთვის ბრძოლამ, შესაძლოა, აღმოსავლეთ უკრაინაში ომის ბედი გადაწყვიტოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი