ახალი ამბები

„ოცნება“ ნებისმიერ ფასად ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას, ნაც. ოპოზიცია — მოპოვებას — გახარია

10 ივნისი, 2022 • 608
„ოცნება“ ნებისმიერ ფასად ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას, ნაც. ოპოზიცია — მოპოვებას — გახარია

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია მძიმეა არაერთ ასპექტში, თუმცა უმთავრესია ის, რომ ევროპარლამენტი უკრაინისა და მოლდოვის უპირობო კანდიდატობას უჭერენ მხარს, ხოლო საქართველოსთვის- მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად მუშაობას.

„ევროპარლამენტის რეზოლუცია მძიმეა საქართველოსთვის არაერთ ასპექტში, თუმცა, სანამ ხელისუფლება და ნაციონალური ოპოზიცია ცდილობს რეზოლუციის მთავარ გზავნილად ერთი კაცის სანქცირება და მეორე კაცის პატიმრობა წარმოაჩინოს, ვკარგავთ სახელმწიფოსთვის მთავარს:

ევროპარლამენტმა ევროკავშირის ინსტიტუტებს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის უპირობოდ მინიჭებისკენ, ხოლო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად მუშაობისკენ მოუწოდა“, – წერია გახარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისი განცხადებით, ხელისუფლება მზადაა ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება, ხოლო ოპოზიციას სურს ხელისუფლების მოპოვება ნებისმიერ ფასად.

„დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი საფრთხეა, საქართველო მოსწყდეს უკრაინას და მოლდოვას, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში, „ასოცირებული ტრიოს“ ფარგლებში, ევროკავშირის გაფართოების საკითხი განიხილებოდა და სადაც საქართველო უპირობო ლიდერი იყო.

რეალური საფრთხეა, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები და რაზეც ოცნებობენ ჩვენი შვილები, ხელიდან იქნეს გაშვებული.

„ოცნება“ მზად არის ნებისმიერ ფასად ძალაუფლება შეინარჩუნოს, ხოლო ნაციონალური ოპოზიცია მზად არის ნებისმიერი ფასად ძალაუფლება დაიბრუნოს. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, უნდა გავერთიანდეთ ქვეყნის გადასარჩენად და ნებისმიერ ფასად ჩვენს შვილებს თავისუფლება და ევროპული მომავლის პერსპექტივა შევუნარჩუნოთ!

არავის ეპატიება ქვეყნის ინტერესზე მაღლა დადგომა! ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტრობა მძიმე ფასი დაუჯდება ყველას და ვერავინ ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“, – წერია განცხადებაში.


გუშინ, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია.

რეზოლუციის ტექსტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.

კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციის ჩანაწერი საქართველოსთან დაკავშირებით განსხვავდება მოლდოვისა და უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისგან. მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევაში, ევროპარლამენტი პირდაპირ მოუწოდებს ევროკავშირს მათთვის სტატუსის მინიჭებისკენ.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჰუმანიტარული ნიშნით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან და იგი ასევე ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი