ახალი ამბები

უკრაინისთვის იარაღის არმიწოდებით, კონფლიქტისგან ვაზღვევთ საქართველოს – ბურჭულაძე

9 ივნისი, 2022 • 624
უკრაინისთვის იარაღის არმიწოდებით, კონფლიქტისგან ვაზღვევთ საქართველოს – ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, ის, რომ საქართველო „ვერ ეხმარება უკრაინას იარაღით“, საქართველოს აზღვევს ახალი კონფლიქტების რისკისგან.

თავდაცვის მინისტრმა ეს განცხადება  9 ივნისს, პარლამენტში ვიზიტის დროს გააკეთა.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ურთიერთობები ნატოსთან ყოველწლიურად უფრო ინტენსიური ხდება. პირადად მე ოთხჯერ ვმონაწილეობდი ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე.

შესაბამისად, უკრაინისათვის იარაღის გადანაწილების პროცესში ჩვენი არმონაწილეობის შეფუთვა, თითქოს საქართველო ჩამოშორდა საერთაშორისო თანამეგობრობას, არის სიცრუე და მიზნად ისახავს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის დისკრედიტაციასაც.

მეტიც, ის, რომ ჩვენ ვერ ვაწვდით იარაღს უკრაინას, ამით მიგვაჩნია, რომ ჩვენ ვიცავთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესს და ვაზღვევთ საქართველოს ახალი კონფლიქტების რისკისგან“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ საჰაერო-სამხედრო ბაზაზე, 40 ქვეყანას პირველად აპრილის მიწურულს უმასპინძლა და მათთან ერთად, უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ იმსჯელეს.

ამ 40 ქვეყანას შორის საქართველო არ იყო.

მოგვიანებით პარტნიორები ამერიკულ ბაზაზე მაისის თვეშიც შეიკრიბნენ, სადაც კვლავ არ იყო წარმოდგენილი საქართველო.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრებში მონაწილეობის არმიღება აიხსნებოდა იმით, რომ საქართველოს როლი უკრაინის მტკიცე პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით შემოიფარგლებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი