ახალი ამბები

თბილისსა და აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დავაკავეთ — შსს

9 ივნისი, 2022 • 532
თბილისსა და აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დავაკავეთ — შსს

ბოლო პერიოდში ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად თბილისსა და აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს — აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების თანახმად,  “დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”.

“პოლიციამ ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტებიც აღკვეთა – სხვადასხვა ადგილზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკები ამოიღო და 3 პირი დააკავა”, — წერს შსს.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისში, ჯამში, 4 ადამიანია დაკავებული, მათგან ორი — გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომელთა მიერ. ამ უკანასკნელთ ედავებიან ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ჯგუფურად მომზადებას.

“სამართალდამცველებმა თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ბრალდებულების მითითებით, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ბრალდებულების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება”, — აღნიშნულია განცხადებაში.

დედაქალაქში დაკავებულ კიდევ ერთ პირს ბრალი ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში, დიდი ოდენობით „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში.

“სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მის მიერ კულტივირებული 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ასევე, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება”, — წერს შსს.

თბილისში, კიდევ ერთ შემთხვევაში, უწყების თანახმად, პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 1 შეკვრა გამომშრალი „მარიხუანა“, „მდმა“-ს შემცველი 2 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო, ხოლო ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან 39 ძირი კანაფია ამოღებული. პირს ედავებიან დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას.

შსს-ს ცნობით, კიდევ ერთი, “, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი” პირი ქობულეთის რაიონულმა პოლიციამ დააკავა. მას უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის მცდელობა ედება ბრალად.

“პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკი ამოიღო. ამასთანავე, დაბა ჩაქვში, ი.მ.-ის მითითებით ამოღებულია მის მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი გასაღების მიზნით განთავსებული ნარკოტიკი”, — აღნიშნავს უწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი