ახალი ამბებირეკლამა

საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრების წარმატებული დებიუტი ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე

9 ივნისი, 2022 •
საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრების წარმატებული დებიუტი ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე

წელს პირველად საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებმა ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე იასპარეზა. 

სულ ევროპის მინიფეხბურთის ასოციაციაში გაწევრიანებულია 42 ქვეყნის ნაკრები. რეიტინგით 23 საუკეთესო გუნდი ჩაერთო ევრო 2022-ის გათამაშებაში. საქართველოს ნაკრები, როგორც ამ ფედერაციის (European Minifootball Federation) ახალი წევრი შერჩევითი ეტაპის გარეშე ჩაერთო ასპარეზობაში და დაამტკიცა ჩვენი გუნდის ბრძოლუნარიანობა და თანაბარ დონეზე თამაში ევროპის საუკეთესო და გამოცდილ გუნდებთან.

ჩემპიონატი 1998 წლიდან ტარდება და საქართველოს ნაკრების გარდა ყველა დანარჩენ 23 ნაკრებს არაერთხელ აქვს მიღებული მონაწილეობა როგორც ევროპის, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატებეზე. წელს ევროპის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში სლოვაკეთში, ქალაქ კოშიცეში ტარდება. ქართველი ფეხბურთელების დებიუტი მერვედფინალში გასვლით დაგვირგვინდა. პირველივე თამაშის შემდეგ საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრები სერიოზულ მოწინააღმდეგედ მიიღო ყველა ქვეყნის ნაკრებმა. 

უთანასწორო შერკინება მერვედ ფინალში საქართველოს ნაკრებს მასპინძლებთან, სლოვაკეთის ნაკრებთან მოუხდათ და მიუხედვად დამარცხებისა, ძალიან კარგი თამაში აჩვენეს. სლოვაკეთის ნაკრები ამ ჩემპიონატისთვის ამ არენაზე 2,5 წელია ემზადებოდა და მათი თამაშები გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნებით გამოირჩეოდა. 

ტურნირის მონაწილე გუნდების და ორგანიზატორები შეფასებით, მომავალ წელს საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრებს სერიოზულ და მნიშვნელოვან მოწინააღმდეგედ მოიაზრებენ. ამ ასპარეზობის შედეგად საქართველოს მინი ფეხბურთის ნაკრები ევროპის მინი ფეხბურთის ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდა, საუკეთესო 16 გუნდში შევიდა და ჩემპიონატის დასრულებისას რეიტინგსაც მაღალს დაიმსახურებს. 

საქართველოს ნაკრების ბირთვი FC PSP-ს ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ასევე ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეორე მწბრთნელი და FC PSP-ს მთავარი მწვრთნელი ბესარიონ არველაძეა.  

მადლობას ვუხდით საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებს: გიორგი აფციაურს, ნიკოლოზ კოპლატაძეს, ლევან სარდანაშვილს, ლევან სვანიძეს, მიხეილ თევზაძეს, ნიკოლოზ ფხაკაძეს, ლევან კობაიძეს, გიორგი ზუნტუროვს, თეიმურაზ ექიზაშვილს, მალხაზ შამილაძეს, ოთარ ბერეჩიკიძეს, მირიან მირგატიას; გუნდის ექიმს მამუკა კვანტალიანს; საქართველოს მინი ფეხბურთის ასოციაციასა ადა ა(ა)იპ სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციას ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატში  საქართველოს ნაკრების მონაწილეობის შესაძლებლობისა და ორგანიზებისთვის. 

ევროპის მინი ფეხბურთის სამყარო საქართველოს ნაკრები როგორც საუკეთესო და წარმატებული დებიუტანტი გაიცნო, მომდევნო წლებში მას დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი