ახალი ამბები

ღირსეული ხელისუფლება რიჟვაძეს გაუშვებდა – ხერხეულიძე

8 ივნისი, 2022 • 1417
ღირსეული ხელისუფლება რიჟვაძეს გაუშვებდა – ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ გუშინ, 7 ივნისს,  აჭარის უმაღლესი საბჭოში თორნიკე რიჟვაძის მოსმენის შემდეგ, ღირსეულ მთავრობას თანამდებობიდან უნდა გადაეყენებინა.

როგორც ხერხეულიძე ამბობს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კარიკატურაა.

მისი თქმით, იმ სიტყვების შემდეგ, რომელიც გუშინ რიჟვაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს ტრიბუნიდან წარმოთქვა, თავმოყვარე ქვეყანაში თავისუფლად ვერ უნდა დადიოდეს.

„ალბათ, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის ტექსტი გაქვთ მოსმენილი, ხომ? ყველა ღირსეული ხელისუფლება ამ ადამიანს გაუშვებდა სამსახურიდან. ის არ გახლავთ ადამიანი, რომლის გაშვებასაც რაღაც პროცედურები სჭირდება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა შეგესრულებინათ, მაგრამ ამჯობინეთ, ამ ენაზე ესაუბრებოდეს თავის კოლეგებს.

უბრალოდ ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, ყველამ იცით და არ მგონია, რომ სიამოვნებას გგვრიდეთ ღარიბაშვილის კარიკატურა, ცუდი გაგებით არ ვამბობ, რომელიც ყველანაირად ცდილობს, რომ მას დაემსაგავსოს, ყველანაირი მანერით. იმდენად სასაცილო იყო… ისეთი ტექსტები თქვა, მე არ ვიცი, ის სამსახურში როგორ უნდა მივიდეს“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.


„შემეხებით, შეგეხებით,“ „ბანდიტი ხართ, ყაჩაღი“, „დავაი, დაახვიეთ“ „ჭორიკნები ხართ“, „ლოთები ხართ“ – ეს ფრაზები 7 ივნისს თორნიკე რიჟვაძემ  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშის წარდგენისას აჭარის უმაღლეს საბჭოში თქვა.

ვრცლად აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძის მოსმენაზე, შეგიძლიათ ნახოთ აქ:

„დავაი, დაახვიეთ… თქვე ჭორიკნებო“ – თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს

მასალების გადაბეჭდვის წესი