რუსეთის დუმაში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლითაც მმართველი პარტია „ედინაია რასიას“ დეპუტატი ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ დოკუმენტი რუსეთის დუმის დეპუტატმა ევეგენი ფედოროვმა დაარეგისტრირა, რომელიც ლიეტუვის დამოუკიდებლობის ცნობაზე საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საბჭოს დადგენილების გაუქმებას ითხოვს. კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ დადგენილებას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს იმიტომ, რომ არაკონსტიტუციურმა ორგანომ საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის მოთხოვნების დარღვევით მიიღო.
კერძოდ, დეპუტატის აზრით, დაირღვა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის ის მუხლი, რომელიც რესპუბლიკის სტრუქტურიდან გასვლას ეხებოდა, ვინაიდან, ავტორის შეფასებით, ლიეტუვის რესპუბლიკაში არ ჩატარებულა გასვლის შესახებ რეფერენდუმი და არ იყო განსაზღვრული ამის აღსრულებისა და სადავო საკითხების გადასაწყვეტად საჭირო ვადები.
კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით, რუსეთის ფედერაცია საბჭოთა კავშირისა და მისი ტერიტორიების სამართალმემკვიდრეა.