ახალი ამბები

ყირიმში ქალი კოლონიაში გაგზავნეს რუსი ჯარისკაცის საფლავის შეურაცხყოფის ბრალდებით

8 ივნისი, 2022 • 872
ყირიმში ქალი კოლონიაში გაგზავნეს რუსი ჯარისკაცის საფლავის შეურაცხყოფის ბრალდებით

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში გაასამართლეს პენსიონერი ქალი ვალერია გოლდენბერგი, რომელსაც რუსი ჯარისკაცის საფლავის შეურაცხყოფას ედავებიან. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Graty გოლდენბერგის ადვოკატზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გოლდენბერგი, რომელიც ქალაქ პოლტავიდანაა, 2000-იანი წლებიდან ყირიმში ცხოვრობს. ის რუსეთის მხრიდან ნახევარკუნძულის ანექსიის წინააღმდეგი იყო, თუმცა იქაურობა ვერ დატოვა, რადგან არ სურდა, უკრაინის ქალაქ ჩერკასში მცხოვრები ქალიშვილის “კისერზე ეცხოვრა”.

როდესაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, გოლდენბერგი ინტენსიურად ეცნობოდა ახალ ამბებს და დარდობდა როგორც თავის ქალიშვილზე, ისე მეგობრებსა და ნათესავებზე პოლტავაში, ოდესასა და ხარკოვში.

Graty წერს იმასაც, რომ მარტში პენსიონერმა შეიტყო კიევის რეგიონში, სოფელ ვორცელში მცხოვრები თანაკლასელისა და მისი ოჯახის დაღუპვის შესახებ, თუმცა გამოცემამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ შეძლო, ვინაიდან რაიონული პროკურატურისგან პასუხი დროულად ვერ მიიღო.

“შემდგომში მან აუხსნა გამომძიებელს, რომ ახლობლების გარდაცვალებამ და კიევის რეგიონში რუსი სამხედროების დანაშაულის შესახებ ინფორმაციამ ისე ააღელვა, გადაწყვიტა, შური ეძია”, — წერს Graty.

“ვინაიდან მე წინააღმდეგი ვარ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმისა, დაახლოებით 2022 წლის 4 აპრილს, როდესაც გავიგე, რომ [უკრაინელმა] სამხედროებმა გაათავისუფლეს ბუჩა, ირპენი, ჰოსტომელი, კიევის ოლქი, გადავწყვიტე, სისხლი გადამეღვარა რუსი სამხედრო მოსამსახურის საფლავზე, რომელიც იბრძოდა და გარდაიცვალა უკრაინის ტერიტორიაზე”, — ციტირებს გამოცემა გოლდენბერგის სიტყვას, რომელიც მან გამომძიებელთან წარმოთქვა.

სწორედ კიევის ოლქიდან რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ გავრცელდა ცნობები ბუჩაში, ირპენსა და სხვა ქალაქებში ჩადენილ ომის დანაშაულებზე, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე.

“რუსი სამხედროები იქ მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ”, — თქვა ვალერია გოლდენბერგმა გამომძიებელთან საუბრისას.

გამოცემის თანახმად, 7 აპრილს გოლდენბერგმა ქათმის სისხლი დააქცია და ფეკალიები მიმოფანტა 21 წლის რუსი სამხედროს, ვალენტინ ისაიჩევის საფლავზე. ისაიჩევი 24 მარტს, უკრაინის ქალაქ ბერდიანსკის პორტში, უკრაინელთა მიერ რუსული გემის ჩაძირვის დროს დაიღუპა.

საფლავზე დატოვებული სისხლი და ფეკალიები იმავე დღეს შენიშნეს რუსი სამხედროს მშობლებმა, რომლებიც ყოველდღიურად მიდიოდნენ სასაფლაოზე. ვალერია გოლდენბერგი მალევე დააკავეს.

“უცნობია, როგორ მიაგნო პოლიციამ გოლდენბერგს — ისინი ირწმუნებიან, რომ “ოპერატიული გზით” გააკეთეს ეს”, — წერს Graty. პოლიცია ამბობს, რომ ქალმა მაშინვე აღიარა სასაფლაოს ინციდენტში მისი მონაწილეობის ფაქტი და პოლიციელებთან დეტალებიც გაამჟღავნა.

გოლდენბერგი პოლიტიკური სიძულვილის მოტივებით საფლავის შეურაცხყოფაში ცნეს დამნაშავედ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოც, რომელშიც ჩანს მცირე ზომის საკანში მჯდომი გოლდენბერგი. ის ბოდიშს უხდის დაღუპული ჯარისკაცის მშობლებს.

“შურისძიების გრძნობისა და უკრაინელი ხალხის მიმართ თანაგრძნობის გამო”, — Graty-ის ცნობით, ასე ახსნა პენსიონერმა თავისი ქმედება.

ქალმა 2 თვე გაატარა წინასწარი დაკავების იზოლატორში. 7 ივნისს ქალაქ სუდაკის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ვალერია გოლდენბერგი 2 წლით უნდა გაიგზავნოს კოლონიაში. პენსიონერის ადვოკატი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

3 თვეზე მეტია, რუსეთი სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ.

იბომბება როგორც სამხედრო ობიექტები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობა. მიწასთანაა გასწორებული არაერთი ქალაქი, დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი