ახალი ამბები

რა სურს ოპოზიციას

8 აპრილი, 2010 • • 1117
რა სურს ოპოზიციას

შეხვედრის მთავარი თემა სოზარ სუბარის შეხვედრები იყო პოლიტიკურ პარტიებთან. ბოლო რამდენიმე დღეა „ალიანსის საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარე პოლიტიკურ ლიდერებს ხვდებოდა, მათ შორის იყვნენ ნინო ბურჯანაძე, ლევან გაჩეჩილაძე და სხვები.

„გაჩეჩილაძემ რომ ალიანსს დაუჭიროს მხარი, ძალიან კარგი იქნება, თუმცა, ამ შემთხვევაში მისგან ამას არ ვითხოვთ. ჩვენ ორივენი ერთად ვმუშაობთ ისეთი შეთანხმების მიღებაზე, რომელშიც ყველა მხარის ინტერესი იქნება მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილებული“,– ამბობს სოზარ სუბარი.

ლევან გაჩეჩილაძე თავის მხრივ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრას გეგმავს. დღევანდელი განცხადების შემდეგ კი არ არის ცნობილი, მოხდება თუ არა გაჩეჩილაძესთან ისევ შეხვედრა. თუმცა ცნობილია ზურაბ ნოღაიდელისადმი ღიად გაცხადებული დამოკიდებულება.

ალასანია ამბობს, რომ ნოღაიდელთან ყველა სახის მოლაპარაკება უკვე დასრულებულია.

თავის მხრივ ზურაბ ნოღაიდელი აცხადებს, რომ „ყველა ჯერზე ინიციატივა მათგან მოდიოდა“ და ამბობს, რომ მის გარეშე გამარჯვება შეუძლებელია.

ვიქტორ დოლიძე, ალიანსის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ირაკლი ალასანიას საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს. „სოზარ სუბარის ეს ნაბიჯი მიმართული იყო იმისკენ, რომ საკრებულოს კანდიდატურა და ასევე მაჟორიტარების შეთანხმებულიყო“.

„ჯობია რეალური ბრძოლა დაიწყოს, გამარჯვებისთვის ბრძოლას სჭირდება საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა“,–ამბობს კახა შარტავა, ეროვნული ფორუმის ლიდერი, რომელიც აცხადებს, რომ ფორმულების არ სჯერა.

ფორმულის იმედი აქვს სოზარ სუბარს, ნეტგაზეთში გამართულ ონლაინ დისკუსიაში, სადაც „ალიანსი საქართველოს“ თანათავმჯდომარე მკითხველის კითხვებს პასუხობა ამბობს, რომ მისი პოზიცია უცვლელია.

„ჩემი (და ალიანსის) პოზიცია უცვლელია: 1. ირაკლი ალასანიას მხარდაჭერა თბილისის მერის პოსტზე; 2.შეთანხმება საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე და საერთო მხარდაჭერა მისთვის; 3. შეთანხმება, რომ მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიცია ერთმანეთს არ დაუპირისპირდეს (იდეალური ფორმულა – თბილისის 25 ოლქში 25 ოპოზიციონერი კანდიდატი 25 ნაციონალის წინააღმდეგ). ბუნებრივია, ვისთანაც დიალოგი გვაქვს, იმათ აქვთ განსხვავებული პოზიცია, თუ როგორი უნდა იყოს გამარჯვების ფორმულა. ასე რომ არ იყოს, დიალოგის საჭიროებაც არ იქნებოდა – პირდაპირ დაეთანხმებოდნენ ალიანსის წინადადებებს. მეორე მხრივ, შეთანხმების საჭიროება და შანსი რომ არ არსებობდეს (რასაც ყველა გრძნობს), არც დიალოგი შედგებოდა. პირველივე შეხვედრაზე ულტიმატუმების წაყენება – თუ ჩემს პოზიციას არ გაიზიარებთ, შეხვედრას დავტოვებთო, არ არის პრობლემის გადაწყვეტის გზა. თუმცა, გამარჯვების ფორმულაზე შეთანხმების აუცილებლობის მიუხედავად, შესაძლებელია, რომ ეს შეთანხმება რა შედგეს. მიზეზი მრავალია, თუმცა, ამ მიზეზებზე საუბრისგან 31 მაისამდე თავს შევიკავებ.“

დღეს, თბილისი–მარიოტში შტეფან ფულესთან არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრას თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია ესწრებოდა. თუმცა არაპოლიტიკოსებს შორის, მარიოტში, ეროსი კიწმარიშვილი გამოჩნდა. საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში და მაესტროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი, მარიოტის კაფეში, ყავას ნინო ბურჯანესთან ერთად სვამდა. მათი თქმით, საუბრის თემა ვანო მერაბიშვილის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის  ინტერვიუ იყო, რომელიც მან რუსულ გაზეთ კომერსანტს მისცა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი