ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აზერბაიჯანში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო” – NSDS

8 ივნისი, 2022 • 1917
“აზერბაიჯანში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო” – NSDS

აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალების ნაციონალური საბჭო  [NSDS], რომელიც ოპოზიციურ პარტიებსა და მოძრაობებს აერთიანებს, განცხადებას ავრცელებს ქვეყანაში ახალი პოლიტიკური რეპრესიების ტალღის შესახებ.

განცხადების საფუძველი გახდა განჯაში პარტია სახალხო ფრონტის აქტივისტის, რაზი ალიშოვის დაკავება ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის ბრალდებით.

“აზერბაიჯანის სამართალდამცველი ორგანოები ხშირად აპატიმრებენ პოლიტიკურ აქტივისტებს ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით. რაზი ალიშოვი ამ მანკიერი პრაქტიკის მორიგი მსხვერპლია”.

განცხადების ავტორების აზრით, ალიშოვის დაკავება იმის მაჩვენებელია, რომ მმართველი რეჟიმი არ აპირებს საკუთარი მეთოდებისა და მმართველობის სტილის შეცვლას და უარის თქმას რეპრესიებზე და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე.

ასევე, აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალების ნაციონალური საბჭო საუბრობს ბოლო დროს სხვა პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებებზეც. საქმეები შეეხება ოპოზიციონერებს, მუსლიმური ერთობის მოძრაობის წარმომადგენელებს, გერმანიიდან დეპორტირებულ აქტივისტებს და ა.შ.

“ასეთია რეჟიმის პასუხი ხალხის მოლოდინზე და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებზე პოლიტიკური რეფორმების შესახებ, პოლიტპატიმრების პრობლემის საბოლოო მოგვარებაზე, ადმინისტრაციული ძალადობის შეწყვეტაზე”.

დოკუმენტის ავტორები ასევე მიიჩნევენ, რომ დემოკრატიულმა სამყარომ აღარ უნდა დახუჭოს თვალი აზერბაიჯანის მმართველი რეჟიმის სასტიკ რეპრესიებზე “ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის” საბაბით და სხვა ცრუ არგუმენტებით.

“ჩვენი ხალხი უფრო მასობრივად უნდა გამოვიდეს  რეპრესიის მსხვერპლთა დასაცავად და არჩევნების გზით სხვა, დემოკრატიული გზა აირჩიოს”.

აზერბაიჯანის ხელისუფლება, უკანასკნელი წლების განმავლობაში, რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებს, აქტივისტებს, უფლებამდამცველებსა და ჟურნალისტებს სხვადასხვა, მათ შორის, ყველაზე ხშირად, ნარკოტიკების მოხმარების ან გადასახადების დამალვის ბრალდებით აკავებს და ასამართლებს. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია, რასაც ასევე მოწმობს საერთაშორისო ანგარიშები.

მასალების გადაბეჭდვის წესი