ახალი ამბები

ISW: უკრაინამ დაიბრუნა სევეროდონეცკის დიდი ნაწილი

6 ივნისი, 2022 •
ISW: უკრაინამ დაიბრუნა სევეროდონეცკის დიდი ნაწილი

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” (ISW) ცნობით, უკრაინული ძალები განაგრძობდნენ შეზღუდული და ლოკალიზებული, მაგრამ წარმატებული კონტრშეტევების განხორციელებას რუსეთის პოზიციების წინააღმდეგ მთელ უკრაინაში, მათ შორის, დაიბრუნეს დიდი ტერიტორია სევეროდონეცკში — ლუგანსკის ოლქის ქალაქში, რომლის აღებაზეც კონცენტრირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი.

ISW-ის ცნობით, უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, ცდილობენ გამოიყენონ სევეროდონეცკზე რუსეთის ფოკუსირება, რათა განახორციელონ კონტრშეტევები სხვა მიმართულებებზე, ხარკოვის ჩათვლით.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალები აგრძელებენ აღჭურვილობისა და ჯარების შეყვანას სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის რაიონში, ბოლო 48 საათის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა განახორციელეს წარმატებული კონტრშეტევა სევეროდონეცკში და რუსული ჯარები უკან დააბრუნეს ქალაქის აღმოსავლეთ გარეუბანში და სამხრეთ დასახლებების გარეთ. უკრაინის კონტრშეტევითი ზეწოლა, სავარაუდოდ, დააკავებს რუსული ძალების ყურადღებას ლუგანსკის ოლქზე და, შესაბამისად, დაუცველს დატოვებს რუსეთის თავდაცვით ძალისხმევას ხარკოვის ოლქში და სამხრეთი ღერძის გასწვრივ. უკრაინული ძალების უნარი, წარმატებით განეხორციელებინათ კონტრშეტევა სევეროდონეცკში, კრემლის ამჟამინდელი პრიორიტეტული ოპერაციების ზონაში, მეტყველებს რუსეთის ძალების ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებაზე“, — წერს ISW.

ბოლო ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთმა პირველი სარაკეტო დარტყმა განახორციელა კიევის წინააღმდეგ და თქვა, რომ სამიზნეს წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ მიწოდებული T-72 ტანკები, თუმცა რაკეტები დარნიცის სარკინიგზო ვაგონების შემკეთებელი ქარხანას მოხვდა. ISW-ისთვის გაურკვეველია, რუსეთი რეალურად ტანკებზე დარტყმას აპირებდა და ააცილა, თუ მიზანმიმართულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას სამიზნის შესახებ. კიევზე თავდასხმა, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ვარაუდით, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმას მისი ლოჯისტიკის მოშლის მიზნით.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიზით, რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მცდელობებს სლოვიანსკში იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და ლიმანის დასავლეთიდან ძალების შეერთებისთვის, მაგრამ სევეროდონეცკის პრიორიტიზების გამო ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიაღწიონ მნიშვნელოვან წინსვლას სლოვიანსკის ირგვლივ. რუსული ძალები აგრძელებდნენ თავდაცვითი ხაზების შენარჩუნებას და ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის პოზიციებს სამხრეთი ღერძის გასწვრივ. ასევე ISW ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსი გენერალ-მაიორი რომან კუტუზოვი, სავარაუდოდ, პოპასნასთან მოკლეს. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კუტუზოვის ლიკვიდაცია დაადასტურა.

მასალების გადაბეჭდვის წესი