ახალი ამბები

პუტინი უკრაინული ხორბლის ექსპორტზე საუბრობს

4 ივნისი, 2022 • 1509
პუტინი უკრაინული ხორბლის ექსპორტზე საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინას შეუძლია საკუთარი ხორბალი რუსეთის მიერ ოკუპირებული პორტების გამოყენებით გაიტანოს ექსპორტზე, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პორტებს საზღვაო ნაღმებისგან გაწმენდენ.

პუტინმა ეს განცხადება რუსეთის ტელეარხ „Россия 1-თან“ საუბრისას გააკეთა.

კიევს, პუტინის განცხადებით, ხორბლის ექსპორტი ასევე შეუძლია სახმელეთო გზების გამოყენებით, ბელარუსის ტერიტორიის გავლით, ოღონდ ამ შემთხვევაში, დასავლეთმა ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სატრანსპორტო სანქციებიც უნდა გააუქმოს.

მისივე განცხადებით, უკრაინას ექსპორტი პოლონეთში, უნგრეთსა და რუმინეთშიც შეუძლია.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ქვეყანა, რომელზეც მსოფლიოში ხორბლის ექსპორტის უმნიშვნელოვანესი წილი მოდის, საკუთარი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანას ვერ ახერხებს, რადგან პორტები, რომლებიც ამისთვის გამოიყენებოდა, ახლა რუსული ოკუპაციის ქვეშაა.

ომის დაწყების შემდეგ, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინიდან დასაწყობებული ასი ათასობით ტონა ხორბალი მოიპარეს.

მოსალოდნელია, რომ უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის შეწყვეტა მსოფლიოში ხორბალზე ფასების ზრდას გამოიწვევს, შექმნილ ვითარებაში კი ყველაზე მოწყვლადი განვითარებადი და ბუნებრივი კატასტროფებით თუ ომებით დაზარალებული ქვეყნები არიან, მათ შორის იემენი, სამხრეთ სუდანი, ლიბია და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი