ახალი ამბები

EU-ს გაფართოების ისტორიაში არ ყოფილა მოკლე გზა – შვედეთის ელჩი

3 ივნისი, 2022 • 1016
EU-ს გაფართოების ისტორიაში არ ყოფილა მოკლე გზა – შვედეთის ელჩი

„რეფორმები, რეფორმები, რეფორმები არის გზა ევროპისკენ“, –  განაცხადა შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიხ ტიდესტრომმა დღეს, 3 ივნისს, სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე –  „საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა“.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია რეფორმების დღის წესრიგის გაგრძელება და აჩქარებაც კი.

როგორც ელჩმა განაცხადა,  ევროინტეგრაცია გრძელვადიანი პროცესია და ევროკავშირის გაფართოების ისტორიაში არ ყოფილა მოკლე გზა რომელიმე აპლიკანტი ქვეყნისთვის.

მისი თქმით,  მეორე საკითხია ის, თუ რას გააკეთებს თავად საქართველო ამ გრძელვადიან პროცესში.

„ჩემთვის ეს გულისხმობს ძირითადად სამ საკითხს. ერთი, ეს არის ძლიერი ეროვნული ერთობა ამ პროცესში; მეორე – არ იქნება თავის არიდების გზა ევროკავშირის ღირებულებების მკაცრი და სრული შესრულებისთვის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და თანასწორობის მიმართულებით. ეს ღირებულებები ფუნდამენტურია ევროკავშირისთვის და ნებისმიერი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის.  ეს არამხოლოდ აახლოებს ქვეყანას ევროკავშირთან, ეს აძლიერებს ნებისმიერ ქვეყანას და ხდის მას მეტად მდგრადს. დღეს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა ფონზე და ევროპის უსაფრთხოებისთვის, და მესამე – მნიშვნელოვანია რეფორმების დღის წესრიგის გაგრძელება და აჩქარებაც კი“, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, ამ გრეძლვადიან პროცესში შვედეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

ამასთან, ელჩმა ჟურნალისტებთან ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოში საკმაოდ ფართო შეთანხმება არსებობს იმასთან დაკავშირეით, რომ მართლმსაჯულების გასაძლიერებლად და ნდობისთვის მეტის გაკეთებაა შესაძლებელი.

მისი თქმით, ამისთვის კარგი გზამკვლევია: ასოცირების შეთანხმება, ასოცირების დღის წესრიგი, 19 აპრილის შეთანხმება, ეუთო/ოდირის რეკომენდაციები და ვენეციის კომისია.

რაც შეეხება „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავებას, ელჩის თქმით, კონკრეტულ საქმეებზე კომენტარს ვერ გავაკეთებს, თუმცა ყურადღებით აკვირდება გაკეთებულ შეფასებებს.


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ , 28 თებერვალს კიევმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა. უკრაინის კვალდაკვალ, 3 მარტს მსგავსი განაცხადი გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.

ქვეყნებმა უკვე შეავსეს ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარები, რომლებზე მოსაზრებები ევროკომისიას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ექნება მზად. ამის შემდეგ კი ელიან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც 23-24 ივნისს უნდა გაიმართოს. სწორედ ევროპულ საბჭოზე შეკრებილმა ევროკავშირის 27-ვე  წევრი ქვეყნის ლიდერმა უნდა მიიღოს ერთსულოვანი გადაწყვეტილება თითოეულ აპლიკანტ ქვეყანასთან დაკავშირებით – მიანიჭებენ თუ არა მათ წევრობის კანდიდატის სტატუსს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი