ახალი ამბები

საქსტატი: მაისში წლიურმა ინფლაციამ 13% შეადგინა

3 ივნისი, 2022 • 743
საქსტატი: მაისში წლიურმა ინფლაციამ 13% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.3 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.7 პროცენტით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული – 51.1 პროცენტი;
  • პური და პურპროდუქტები – 34.5 პროცენტი;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 23.5 პროცენტი;
  • ხილი და ყურძენი – 23.3 პროცენტი;
  • თევზეული – 19.4 პროცენტი;
  • ზეთი და ცხიმი – 17.7;
  • ყავა, ჩაი და კაკაო – 16.8 პროცენტი;
  • რძე, ყველი და კვერცხი – 16.0 პროცენტი;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 15.4 პროცენტი;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9.6 პროცენტი;

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.0 პროცენტით, რაც 2.42 პროცენტული პუნქტით
აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია:
პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე – 25.2 პროცენტი;
სატრანსპორტო მომსახურებაზე – 12.9 პროცენტი;
სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე – 3.0 პროცენტი.

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 16.1- პროცენტიანი მატება, რაც 1.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:

  • ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე – 28.2 პროცენტი;
  • საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება – 13.6 პროცენტი;
  • ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 11.2 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი