ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჟენევის დისკუსიები რეგიონში სტაბილურობას ნიშნავს” – ცხინვალის წარმომადგენელი

2 ივნისი, 2022 • 2173
“ჟენევის დისკუსიები რეგიონში სტაბილურობას ნიშნავს” – ცხინვალის წარმომადგენელი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაურკვეველი ვადით გადაიდო, დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, ეუთოდან  და გაეროდან, მიმდინარე წელს, ცხინვალში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ოსური სააგენტო რესი ავრცელებს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 56-ე რაუნდი, რომელიც 2022 წლის 20-30 მარტს იყო დაგეგმილი, უკრაინაში ომის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით გადაიდო.

“გროვდება გადასაჭრელი საკითხები, თუმცა ჟენევის დისკუსიებს ანალოგი არ აქვს, მისი როლი უსაფრთხოების შენებაში შეუფასებელია. თავად ამ ფორმატის არსებობა რეგიონში სტაბილურობის მხარდაჭერას ნიშნავს”, – ციტირებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენელს, კონსტანტინ კოჩიევს სააგენტო რესი.

ჯერჯერობით კვლავ უცნობია, როდის გაიმართება შეხვედრა ჟენევაში.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლიდან [აგვისტოს ომის შემდეგ] მიმდინარეობს. მოლაპარაკებები ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით იმართება. პროცესში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი და აშშ, ასევე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წარმომადგენლები.

ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ–ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს უკვე დადებული აქვს ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა და ამავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთს, რომელიც აცხადებს, რომ კონფლიქტში საკუთარ თავს მხარედ არ მიიჩნევს, სურს, საქართველომ მსგავსი შეთანხმებები ოფიციალურად გააფორმოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. მსგავსი ინიციატივა ქართული მხარისთვის მიუღებელია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი