ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოს 180.29 მლნ ევროს გამოუყოფს

7 აპრილი, 2010 • 1171
ევროკავშირი საქართველოს 180.29 მლნ ევროს გამოუყოფს

საქართველოსთვის 2010-2013 წლებისთვის  180.29 მლნ ევროს გამოყოფის თაობაზე მემორანდუმი 7-8 აპრილს   ევროკომისარ სტეფან ფულეს საქართველოში ვიზიტისას გაფორმდება.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობამ გაავრცელა.  ეერვოკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში სამხრეთ კავკასიაში მისი პირველი ვიზიტის დროს ისაუბრებს საქართველოსთან უფრო მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებზე და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განმხორციელებაზე. ვიცე– პრემიერთან და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან გიორგი ბარამიძესთან ერთად ევროკომისარი ფულე ხელს მოაწერენ მემორანდუმს საქართველოსთვის თანხის გამოყოფის შესახებ.

ევროკომისარს შესაძლებლობა ექნება ეწვიოს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებს და თვითონ გაეცნოს მათ საცხოვრებელ პირობებს. დღეს საღამოს კი 18.30 მიწვეულია  საპატიო სტუმრის სტატუსით  საქართველოს პრეზიდენტის მიერ თბილისში ,,ევროპის სახლის“ გახსნაზე.

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს “შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ”, რომელსაც
ხელი მოეწერა 1996 წელს, ხოლო ძალაში 1999 წლის ივლისში შევიდა;

2004 წლის 14 ივნისს ევროკავშირის საბჭომ, ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, გადაწყვიტა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის შეეთავაზებინა ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილეობა

“ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმა” მიღებულ იქნა 2006 წლის 14 ნოემბერს. ”ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმა” წარმოადგენს პოლიტიკურ დოკუმენტს, რომელშიც განსაზღრულია  საქართველოსა და ევროკავშირის შორის თანამშრომლობის სტრატეგიული მიზნები”.

სამოქმედო გეგმა 5 წლიანია და მისი ვადა 2011 წელს იწურება. სწორედ ამ დროიდან საქართველოსთვის თანხის გამოყოფის შესახებ მემორანდუმს  მოეწერება ხელი ევროკომისარის ვიზიტის დროს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი