ახალი ამბები

საპატრიარქო შაბათს ერეკლე II-ის მოსახსენიებელ პანაშვიდს აანონსებს

1 ივნისი, 2022 • 701
საპატრიარქო შაბათს ერეკლე II-ის მოსახსენიებელ პანაშვიდს აანონსებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო შაბათს, 4 ივნისს, სვეტიცხოველში ერეკლე II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს აანონსებს.

საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ცნობით, დღეს, პირველ ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს სახელით ტაძრების წინამძღვრებს გაეგზავნათ შეტყობინება შემდეგ შინაარსით:

„გაცნობებთ, რომ შაბათს, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი. გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს, მობრძანდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს“.

კონტექსტი

რამდენიმე დღის წინ, 28 მაისს, თელავში, ერეკლე II-ის სახლ-მუზეუმთან აქცია გაიმართა „ერეკლე II-ის დასაცავად“.

„ტელეიმედის“ ცნობით, „მშვიდობიან“ აქციაზე მივიდნენ „ცნობილი სახეები და საჯარო მოხელეები“, რომლებმაც განაცხადეს: „ერეკლე ჩვენი სიამაყეა, ჩვენ მეფეს ვიცავთ და ისტორიას, რომლის დამახინჯების მცდელობა ეროვნული დანაშაულია“.

… „ენა უნდა დაიმოკლოს. გაუჭირდება, მაგრამ უნდა დაიმოკლოს, სანამ მეფეს ახსენებს. დიდება მეფეს და ჭკვიანად იყვნენ, სანამ კარგად ვლაპარაკობთ კახელები, და თელაველები განსაკუთრებით“, – განაცხადა აქციაზე პაატა გულიაშვილმა, კომიკოსმა.

აქციაზე ასევე მოითხოვეს ერეკლე II-ის წმინდანად შერაცხვა.

ლევან ბერძენიშვილის კომენტარი

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პუბლიცისტმა ლევან ბერძენიშვილმა, – „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, – ერთ-ერთ იუტუბ-არხთან ინტერვიუში თქვა:

„ამდენ ტყუილში დავიღალეთ, რა. სანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არაა გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღაბირაშვილი გამოვა, იტყვის, „ომი გინდათ“? ერეკლემაც მაგი თქვა, რა, აბა, ომი გინდათო? მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო. ჰოდა, მე მეკითხდებოდა, ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა კახეთს აკონტროლებდა მხოლოდ, ვინ მისცა მაგის უფლება“?

ბერძენიშვილის ამ შეფასებას ისტორიკოსების ნაწილი არ დაეთანხმა. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბექა კობახიძემ ფეისბუკზე დაწერა: „თეზა, რომ ერეკლე მეორე არის „მოღალატე“, იმიტომ, რომ რუსეთს დაგვაკავშირა, ნიშნავს მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეში ერეკლეს გადმოყვანას და ამ დებულებას არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან“.

თუმცა პროცესები პროფესიულ კრიტიკას გასცდა. „მითების დეტექტორის“ ცნობით, ფეისბუკზე გავრცელდა ბერძენიშვილის ნათქვამი სხვა ფრაზებიც, – კონტექსტიდან ამოგლეჯილად, შეურაცხმყოფელი კომენტარებით.

მოგვიანებით manifest.ge-ზე გავრცელდა პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები ითხოვენ, რომ ბერძენიშვილს „სტუდენტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს საგანმანათლებლო კუთხით“.

ეს პეტიცია, – რომელსაც მხოლოდ 1663 ხელმოწერა აქვს, – საზოგადოებაში მკაცრად გააკრიტიკეს.

პროფესორმა ბექა კობახიძემ, რომელიც ბერძენიშვილის მოსაზრებას აკრიტიკებდა, ასევე დაწერა, რომ „ლევან ბერძენიშვილისთვის სტუდენტებთან ურთიერთობის აკრძალვის სურვილი არის ბოლშევიზმი“.

როგორც პროფესორი გია ნოდია წერს, ამ მოთხოვნამ „სრულიად სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია“ და პეტიციის ხელმომწერებს „სამარცხვინო ხალხი“ უწოდა.

„იმას, რომ ლევანმა ლექციები იკითხოს, ყველა ნორმალური ადამიანი უნდა დაეთანხმოს, მიუხედავად იმისა, იზიარებს თუ არა მის პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებებს (მათ შორის ერეკლე მეფეზე)“, – წერს იგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი