ახალი ამბები

“ევროპაში აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნა სწრაფი ტემპებით იზრდება” – ალიევი

1 ივნისი, 2022 • 1607
“ევროპაში აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნა სწრაფი ტემპებით იზრდება” – ალიევი

“ევროპაში აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნა სწრაფი ტემპებით იზრდება, შესაბამისად, ექსპორტის მოცულობის გაზრდისთვის საჭიროა გადაიჭრას ინფრასტრუქტურის გასაფართოებელი საკითხები”, – ამის  შესახებ ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დღეს, პირველ ივნისს, ბაქოს ენერგეტიკული კვირეულის გახსნაზე განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

“პოტენციურ მყიდველებს უნდა ესმოდეთ, რომ ერთ წელში შეუძლებელია მოპოვებისა და ექსპორტის ზრდა. ამისთვის საჭიროა არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოებაც”.

მისივე თქმით, შესაძლებელია TANAP-ის გაზსადენის სიმძლავრის გაზრდაც, რომლის მიმდინარე სიმძლავრე წელიწადში 16 მილიარდი კუბური მეტრია.

“ამისთვის მხოლოდ აზერბაიჯანის ძალისხმევა არ კმარა. უნდა გაკეთდეს ინვესტიციები ევროპის ინფრასტრუქტურაშიც. ამავე დროს, პროცესის ასაჩქარებლად გავაკეთებთ ყველაფრს, რაც ჩვენს ხელშია”.

ამავე დროს, როგორც ალიევი ამბობს, აზერბაიჯანი ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის საკითხზე მუშაობასაც  გეგმავს.

უკრაინის ომის დაწყებისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ, კრემლმა მიიღო ბუნებრივი აირის მხოლოდ რუსულ რუბლებში გაყიდვის გადაწყვეტილება. ევროკავშირის თანახმად, ეს გადაწყვეტილება არღვევს უკვე დადებულ კონტრაქტებს. დასავლეთის შეფასებით, რუსეთი ცდილობს ბუნებრივი აირის გამოყენებით ევროპული სახელმწიფოების დაშანტაჟებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი