ახალი ამბები

დიდი წონა ჰქონდა, ცოტას თუ დაიკლებდა, ჯანმრთელობისთვის კარგია – იაკობი სააკაშვილზე

1 ივნისი, 2022 • 1440
დიდი წონა ჰქონდა, ცოტას თუ დაიკლებდა, ჯანმრთელობისთვის კარგია – იაკობი სააკაშვილზე

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ მას ძალიან დიდი წონა ჰქონდა და ცოტას თუ დაიკლებდა, მისივე ჯანმრთელობისთვის იყო კარგი.

თუმცა, სახალხო დამცველთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს ანორექსია პოსტტრავმული სტრესული აშლილობის შედეგად განუვითარდა.

„ისე, ხუმრობის გარეშე, ცოტას თუ დაიკლებდა, ძალიან დიდი წონა ჰქონდა, პირიქით, ჯანმრთელბისთვის [კარგია], მაგრამ უცბად არ უნდა მოხდეს ხოლმე წონის დაგდება, ისე, ძალიან კარგია, თუ დაიკლო“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ეპისკოპოსმა იაკობმა.

მისი თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებით ხელისუფლებას საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ესაუბრნენ და სწორედ ამის შემდეგ გადაიყვანეს კლინიკაში.

„მე გეტყვით, მიშაზე რა ხდება საერთოდ: შევხედოთ ხალხის მდგომარეობას, ხალხს არ აინტერესებს, სწორად გასამართლდა თუ არ გასამართლდა. ხალხის უმეტესობა ფიქრობს, რომ ეგ ადამიანი არის იქ, სადაც უნდა იყოს. გულსატკენი ეს არის, რომ ჩვენ კანონი კი არ გვაინტერესებს, რაღაც განწყობებია ადამიანებში და ფიქრობენ, რომ სამართლიანია[…]

გინდ პრეზიდენტი იყავი, გინდ მეფე, ყველა ვერ უძლებს. გასაგებია, ან შიშები დაემართა, ან რაღაცა… წონაშიც იკლებს ახლა, რა“, – განაცხადა ეპისკოპოსმა იაკობმა.

10 მაისს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა.

ოჯახი და ადვოკატები სააკაშვილის გადაყვანას სამკურნალოდ საზღვარგარეთ ითხოვდნენ, რადგან  მათი თქმით, მისი მდგომარეობის მართვა საქართველოში „შეუძლებელია“.

როგორც სააკაშვილის ახლობლები ამბობენ, „ვივამედში“ გადაყვანის შემდეგ  მიხეილ სააკაშვილმა წონაში ისევ დაიკლო.

მასალების გადაბეჭდვის წესი