ახალი ამბები

გერმანია უკრაინას IRIS-T სისტემას გადასცემს — შოლცი

1 ივნისი, 2022 • 1526
გერმანია უკრაინას IRIS-T სისტემას გადასცემს — შოლცი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინას მიაწვდის უახლეს საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

ოლაფ შოლცმა დაიცვა საკუთარი მთავრობის მიდგომა უკრაინის ომისადმი მას შემდეგ, რაც კრიტიკის ობიექტი გახდა, რომ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდება არ სურდა. ასევე, პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ გერმანიის მთავრობა პირობის დარღვევაში დაადანაშაულა და თქვა, რომ უკრაინისთვის გადაცემული საბჭოთა ტანკების საკომპენსაციოდ გერმანიისგან დაპირებული ახალი ტექნიკა არ მიუღია.

შოლცმა თქვა, რომ ბერლინმა უკრაინაში იარაღის გაგზავნა ომის დაწყებიდან მალევე დაიწყო და ამ დროისთვის მიწოდებული აქვს 15 მილიონი ტყვია, 100 000 ხელყუმბარა და 5 000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი.

მომდევნო კვირებში კი, შოლცის თქმით, გერმანია უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის, IRIS-T ტიპის საზენიტო სისტემის ჩათვლით. Deutsche Welle-ს ცნობით, IRIS-T-ს, რომელიც შემუშავებულია გერმანიის მიერ, ნატოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, შესაძლებლობა აქვს, ჩამოაგდოს სხვა რაკეტები. კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას მიაწვდის სარადარო სისტემებსაც.

„გერმანია მკაფიოდ აცნობიერებს თავის პრიორიტეტებს. პუტინმა არ უნდა მიაღწიოს თავის მიზნებს. ეს არის იმპერიალიზმი, რომელსაც ევროპაში არ მივიღებთ“, — დასძინა შოლცმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი