Interviewsახალი ამბები

ბათუმში მეტრო ჰოლდინგის მფლობელი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი დააკავეს

31 მაისი, 2022 • 1723
ბათუმში მეტრო ჰოლდინგის მფლობელი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, რომელიც 22:00 საათზე გაავრცელა, ბათუმში დააკავეს ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ამოიღეს დიდი ოდენობით ფული და ნარკოტიკული საშუალება.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე გ.ო.-ს მიერ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მოქალაქე გ.ო.-სთან, ასევე მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გ.ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ.ო. დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სპეცოპერაცია „მეტრო ჰოლდინგში“ ბათუმში დღის პირველ საათზე დაიწყო და 9 საათს გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ეროვნებით თურქი ბიზნესმენის, საქართველოს მოქალაქის, გალიფ ოზთურქის დაკავების შესახებ. დღის განმავლობაში ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია არცერთ სახელმწიფო უწყებას. ბიზნესმენის დაკავებას არ ადასტურებდა არც „მეტრო ჰოლდინგის“ მენეჯმენტი.

„მეტრო ჰოლდინგის“ დირექტორმა, რაულ კახაძემ დღეს, 31 მაისის, საღამოს, ჰოლდინგის სახელით განცხადება გაავრცელა.

„მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიებით და საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება გადაუმოწმებელი ინფორმაცია სხვადასხვა სისხლის სამართლებრივი ბრალდებით „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებლის, ცნობილი ბიზნესმენის და მეცენატის გალიფ ოზთურქის დაკავების შესახებ.

მეტრო ჰოლდინგის მენეჯმენტი და ადვოკატები მუშაობენ იმაზე, რომ ამ სრულიად აბსურდული მიზეზებით გამოწვეულ ქმედებას მიეცეს სწორი შეფასება და გატარდეს ყველა სათანადო კანონიერი ღონისძიება.

იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს საათებში ეს გაუგებრობა აღმოიფხვრება და კომპანიები დაუბრუნდებიან ჩვეულ რეჟიმში საქმიანობას,“ – ნათქვამია განცხადებაში.

რას საქმიანობს და ვინ არიან „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანიები? – ვრცლად ნახეთ აქ.

გალიფ ოზთუქრი ათობით ბიზნეს კომპანიას ფლობს საქართველოში, ეს კომპანიები „მეტრო ჰოლდინგის“ ქოლგის ქვეშ საქმიანობენ ან ნ მისი პარტნიორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი