უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ქვეყნის უმაღლესმა რადამ თანამდებობიდან გაათავისუფლა. დენისოვას გადაყენებას 234-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
“რადიო თავისუფლების” უკრაინული სამსახური ციტირებს პავლო ფროლოვს — დეპუტატს საპარლამენტო უმრავლესობიდან და რადის რეგლამენტის კომიტეტის წარმომადგენელს — რომელიც დენისოვას გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს.
ის ყურადღებას ამახვილებს დენისოვას მხრიდან იმ მოვალეობათა შეუსრულებლობაზე, რომლებიც ომის დროს ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობასა და ტყვეთა გაცვლას უკავშირდება.
დეპუტატი ასევე საუბრობს დენისოვას განცხადებებზე, რომლებიც შეეხებოდა ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არ იყო გამყარებული მტკიცებულებებით, რამაც, ფლოროვის თქმით, მხოლოდ დააზარალა უკრაინა.
BBC-ის უკრაინული ბიუროს თანახმად, თავად დენისოვამ რადის სხდომაზე კანონმდებლებს უთხრა, რომ პატიმართა გაცვლისა და ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობის პროცესში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა.
ლუდმილა დენისოვა მიიჩნევს, რომ მისი გათავისუფლების უკან პრეზიდენტის ადმინისტრაცია დგას, თუმცა ხსენებულ უწყებაში ამას უარყოფენ და დასძენენ, რომ პრეზიდენტის ოფისს არ ჩაუტარებია შეხვედრა ომბუდსმენის აქტივობების განსახილველად.
ლუდმილა დენისოვა უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ 2018 წელს აირჩია ადამიანის უფლებათა კომისრად და ქვეყნის კანონმდებლობით, 2023 წლამდე უნდა დარჩენილიყო ხსენებულ პოზიციაზე.