ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აფხაზეთი მენტალურად განუყოფელია რუსეთისგან” – მარგარიტა სიმონიანი

31 მაისი, 2022 • 3447
“აფხაზეთი მენტალურად განუყოფელია რუსეთისგან” – მარგარიტა სიმონიანი

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების, “Russia Today”-ს და Sputnik-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი კვლავ საუბრობს რუსეთსა და აფხაზეთს შორის გამშვები პუნქტის გაუქმების საჭიროებაზე.

“ჩემი აზრით, საერთოდ არ უნდა არსებობდეს საზღვარი. რკინის კედელი არავის სჭირდება. რისგან ვიკეტებით? ამით ხომ ჩვენსავე ხალხს, რუსეთის მოქალაქეებს ვუქმნით პრობლემას, რომლებიც ზაფხულში ბავშვებით აფხაზეთში დასასვენებლად მიდიან, დგანან ამ რიგებში გაოფლილები და წყევლიან ყველას და ყველაფერს”, – განაცხადა სიმონიანმა სოჭში მიმდინარე აფხაზეთის ფორუმზე, რომელიც დღეს, 31 მაისს იმართება სოჭში, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო სამინისტროს და დე ფაქტო მინისტრის, ინალ არძინბას ინიციატივით.

რუსეთ-აფხაზეთის გამშვები პუნქტის კვეთის გამარტივებულ რეჟიმზე სიმონიანს აქამდეც უსაუბრია. იმის შესახებ, რომ  მდინარე ფსოუზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის არსებული გამშვები პუნქტი, შესაძლოა, რუსეთ-ბელარუსის საზღვრის მსგავსად, გაუქმდეს, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა დსთ-ის საკითხებში ლეონიდ კალაშნიკოვმაც განაცხადა. 

გამშვები პუნქტის სრული გაუქმების იდეას აფხაზეთში ენთუზიაზმით არ შეხვედრიან, რის შემდეგაც დე ფაქტო საგარეო უწყებამ საპასუხოდ განაცხადა, რომ საუბარი მხოლოდ გამშვები პუნქტის კეთილმოწყობას ეხება და არა სრულ გაუქმებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი