ახალი ამბები

ელცინის სიძემ პუტინის მრჩევლის პოსტი დატოვა

1 ივნისი, 2022 • 666
ელცინის სიძემ პუტინის მრჩევლის პოსტი დატოვა

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინის სიძემ ვალენტინ იუმაშევმა ვლადიმერ პუტინის მრჩევლის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ იუმაშევი კრემლის შტატგარეშე მრჩეველი იყო, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა პუტინის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე. Reuters აღნიშნავს, რომ იუმაშევი ბოლო კავშირია პუტინის ადმინისტრაციაში ელცინის მმართველობის პერიოდთან.

Reuters აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, თანამდებობა დატოვა ელცინის პერიოდის კიდევ ერთმა ფიგურამ, კრემლის სპეციალურმა დესპანმა ანატოლი ჩუბაისმა. ბორის ელცინის საპრეზიდენტო ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ლუდმილა ტელენმა Reuters-ს უთხრა, რომ იუმაშევმა თანამდებობა აპრილში დატოვა. კითხვაზე, რა იყო ამის მიზეზი, ტელენი აცხადებს, რომ ვალენტინ იუმაშევმა პოსტი საკუთარი ინიციატივით დატოვა.

იუმაშევი, რომელიც ბორის ელცინის შვილის, ტატიანას ქმარია, ელცინის მმართველობის დროს, 1991-1999 წლებშიც კრემლში მრჩევლად იყო დასაქმებული. ის ასევე იკავებდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი