ირაკლი ღარიბაშვილი, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ვიზიტის შემდეგ, ისრაელს ეწვია და ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრები გამართა.
პრემიერის აპარატის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს, ქნესეთის თავმჯდომარე მიკი ლევის, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრს, იაირ ლაპიდს.
„ისრაელში ჩემი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დღეს მქონდა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრის პატივი. ჩვენს ორ ქვეყანას შორის 26-საუკუნოვანი მეგობრობა საამაყოა ჩვენი მოძმე ერების საერთო ისტორიაში. შევთანხმდით, რომ მზარდ თანამშრომლობას კიდევ უფრო განვავითარებთ აუთვისებელი პოტენციალის სრული გამოყენების მიზნით“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
„ძალიან კარგი საუბარი მქონდა იაირ ლაპიდთან. წელს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წლის იუბილე და კვლავ ვადასტურებთ ჩვენი სამაგალითო და მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარების იდეისადმი ერთგულებას“,- წერს ღარიბაშვილი ტვიტერზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 28-29 მაისს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს სტუმრობდა, რა დროსაც, მთავრობის პრესცენტრის თანახმად, მონაწილეობა მიიღო მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში.