ახალი ამბები

რუსეთში პოლიციაში დაასმინეს მარტოხელა დედა, რომელმაც ომი ფანჯრებზე გაკრული პლაკატებით დაგმო

30 მაისი, 2022 •
რუსეთში პოლიციაში დაასმინეს მარტოხელა დედა, რომელმაც ომი ფანჯრებზე გაკრული პლაკატებით დაგმო

რუსეთის ქალაქ უფაში დააჯარიმეს მარტოხელა დედა, რომელმაც ბინის ფანჯრებზე ომის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრა. მედიის ცნობით, პოლიციაში მეზობელმა დაასმინა. მანვე მიმართა ბავშვთა უფლებების კომისარს, მიიჩნია რა, რომ ქალი ვერ შეძლებს “სამშობლოს პატრიოტის” აღზრდას.

30 წლის რეგინა იბრაგიმოვა ქალაქის გარეუბანში, კომუნალურ ბინაში ცხოვრობს. Mediazona-ს ცნობით, 25 თებერვლის ღამით, როცა მის ვაჟს ეძინა, რეგინამ ორი მცირე ზომის პლაკატი გააკრა ფანჯრებზე, რომლებიც ეზოს გადაჰყურებს. ფურცლებზე ეწერა “არა ომს” და ეხატა უკრაინის დროშები.

“ფიზიკურად ძალიან ცუდად ვიყავი [იმ დილით]… ადგილს ვერ ვპოულობდი. სულ ახალ ამბებს ვუყურებდი, მეგობრებსა და ნათესავებს ვურეკავდი უკრაინაში”, — ასე იხსენებს ის რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდგომ პერიოდს.

როგორც ჰყვება, პლაკატები ფანჯრებზე 2 თვე იყო გაკრული და მეზობლებისგან განსაკუთრებული რეაქცია არ შეუმჩნევია: იხსენებს ერთი მათგანის რეპლიკას, რომელმაც ომი გაამართლა. თუმცა ვითარება შეიცვალა აპრილის ბოლოს, როცა რეგინას სახლში შსს-ს თანამშრომლები გამოჩნდნენ.

პოლიციელებმა განაცხადეს, რომ 30 წლის ქალთან მეზობლის, მხატვარ ელენა საფონოვას საჩივრის საფუძველზე მივიდნენ. შსს-ს თანამშრომლებმა იბრაგიმოვას ჰკითხეს, კარგად ერკვევა თუ არა პოლიტიკაში.

“ვუთხარი: არა, [ვერ ვერკვევი] კარგად. არ მგონია, რომ პოლიტიკის კარგად ცოდნას მოითხოვს იმის გააზრება, რომ [ომი] არასწორია”, — დასძენს ის.

პოლიციამ იბრაგიმოვას წინააღმდეგ არმიის “დისკრედიტაციის” ოქმი შეადგინა.

“სამარცხვინო, აბსურდი იყო მათთვის ოქმის შედგენა ფანჯარაზე გაკრული რამდენიმე ფურცლის გამო, რომელიც მშვიდობიან პოზიციას გამოხატავს. თქვეს, რა თქმა უნდა, სასაცილოა, მაგრამ რას იზამო”, — ამბობს რეგინა.

ჰყვება, რომ შსს-ს თანამშრომლები გაკვირვებულნი იყვნენ იმით, რომ ეს მეზობელმა გააკეთა. გაკვირვებული დარჩა თავად რეგინაც.

“ჩვენი გზები მხოლოდ [სადარბაზოს] შესასვლელში იკვეთება”, — აღნიშნავს ის ელენა საფონოვაზე საუბრისას.

იბრაგიმოვა სასამართლომ 15 000 რუბლით დააჯარიმა. როგორც თავად ამბობს, სხდომამდე საქმის მასალების გაცნობის საშუალება არ მისცეს.

ისტორია თითქოს აქ უნდა დამთავრებულიყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ რეგინა იბრაგიმოვას მეზობელი პოლიციაში ჩივილს არ დასჯერდა და ბავშვთა უფლებების ადგილობრივ კომისარსაც მიმართა.

”ასეთი არაპატრიოტული პოზიციით იგი ვერ შეძლებს სამშობლოს პატრიოტის აღზრდას, ის თავად არის სახელმწიფოს მიმართ არალოიალური ასეთ გადამწყვეტ პერიოდში.

ამ მოქალაქის საჯარო ქმედება ამახინჯებს სპეციალური ოპერაციის არსსა და მიზნებს და მიზნად ისახავს ქვეყნის შეიარაღებული ძალების ღირსების, მათ მიმართ ნდობის შელახვას”, — აღნიშნულია საფონოვას საჩივარში.

საფონოვამ მოითხოვა შემოწმება, თუ როგორ ზრდის იბრაგიმოვა შვილს, “რა შეხედულებებს უნერგავს მას” და “შესაძლებელია თუ არა, ასეთი დედის ხელში გაიზარდოს სამშობლოს პატრიოტი”.

როგორც საფონოვა წერს, ნახატებიდან ჩანს, რომ “დედამ შვილთან ერთად დაწერა ლოზუნგები” და თავის იდეებს უნერგავდა ვაჟს. თავად იბრაგმივა “აბსურდს” უწოდებს ხსენებულ საჩივარს, მის ავტორს კი “უცნაურად” მოიხსენიებს.

ამის შემდეგ იბრაგიმოვასთან უფის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრის თანამშრომლები მივიდნენ. მათ ფოტოები გადაუღეს ბინას, იბრაგიმოვას ახსნა-განმარტება ჩამოართვეს, მეზობლებს კი ქალის დახასიათება მოსთხოვეს.

მოგვიანებით ოლგა პანჩიხინამ, ბავშვთა უფლებების ადგილობრივმა კომისარმა, Mediazona-ს განუცხადა, რომ მეურვეობის ორგანოები არ შეამოწმებენ იბრაგიმოვას.

“საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ [იბრაგიმოვას] სახლში ყველაფერი კარგადაა, ბავშვი ნორმალურად არის აღზრდილი. არანაირი პრობლემა არ არის. რაც შეეხება ამ პლაკატებს, არანაირი კავშირი არ აქვს ბავშვთან”, — დასძენს პანჩიხინა.

რეგინას ჯარიმის გადახდაში მეგობრები, ნაცნობები და დამოუკიდებელი რუსულენოვანი გაზეთის “Вёрстка” მკითხველები დაეხმარნენ. თუმცა შიშობს, რომ ამბავი ჯერ არ დასრულებულა:

“როდესაც ცენტრიდან მოვიდნენ, მითხრეს: შესაძლოა, თქვენთან [მოსვლას] მოუხშირონ. ამას ელოდეთ… იმიტომ, რომ არ არის ცნობილი, რამდენ ინსტანციაში იჩივლა მან”, — აღნიშნავს რეგინა.

გარეკანის ფოტო: Венера Хисамова / Медиазона

მასალების გადაბეჭდვის წესი