ახალი ამბები

საქართველოს მდ. იორდანესთან მიწა გადაეცემა, აშენდება კულტურის ცენტრი – მთავრობა

28 მაისი, 2022 • 1095
საქართველოს მდ. იორდანესთან მიწა გადაეცემა, აშენდება კულტურის ცენტრი – მთავრობა

საქართველოს მთავრობა იუწყება, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 28-29 მაისს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვევა.

„ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი, პრინც ღაზისთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე საქართველოსთვის მიწის გადაცემასთან დაკავშირებულ ოფიციალურ ცერემონიაში“, – აცხადებს მთავრობა.

მთავრობის ინფორმაციით, მიწაზე, რომლის ფართობი 4 ათასი კვადრატული მეტრია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2022 წლის იანვარში განაცხადა, რომ იორდანიაში, მდინარე იორდანესთან საქართველოს გადაეცემა მიწის ნაკვეთი, სადაც ქართული კულტურის ცენტრის აშენება იგეგმება.

„300 წლის შემდეგ, საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ყველა ქართველისთვის სასიხარულოა ეს მოვლენა. შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად. ფასდაუდებელი იყო ჩვენი ძვირფასი პატრიარქის, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჩართულობა, მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი. ერისა და ბერის ასეთი ერთიანობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების უმთავრესი წინაპირობა“, – განაცხადა მაშინ ღარიბაშვილმა.

აღნიშნული მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ 2018 წელს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, წევრი, ზაქარია ქუცნაშვილიც საუბრობდა. ის ამბობდა, რომ იორდანიის სამეფო მზად იყო, მდინარე იორდანიის ნაპირზე საქართველოსთვის მიწა ეჩუქებინა, სადაც მართლმადიდებლური ეკლესიის აშენება იქნებოდა შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი