ახალი ამბები

საწვავის ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა – დავითაშვილი

27 მაისი, 2022 • 14786
საწვავის ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა – დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოში საწვავის ფასებმა მნიშვნელოვნად დაიკლო. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საწვავის ფასების კლების მიზეზი მოწოდების წყაროების დივერსიფიკაცია გახდა:

“საწვავთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივით მოკვლევა გააკეთა ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა და კონკურენციის სააგენტოსთან ერთად ვიმუშავეთ, რომ დეტალურად გაგვეანალიზებინა მიწოდების ყველა რგოლი იმისთვის, რომ გვენახა სივრცე, როგორ შეიძლებოდა მოსახლეობისთვის საწვავის ფასების შემცირება.

ჩვენ დავინახეთ, რომ [უკრაინაში] ომის დაწყების პირველ დღეებში ფასები რეკორდულად გაიზარდა. მათ შორის ჩვენ ორგანიზებულად ვიმუშავეთ ბიზნესთან, რომ დამატებით მოწოდების წყაროების დივერსიფიკაცია მოგვეხდინა და ეს მოვახერხეთ. ეს იქნება შუა აზიის ქვეყნები თუ სხვა მოწოდების წყაროები, მოვახერხეთ ალტერნატიული საწვავის ქვეყანაში შემოსვლის ხელშეწყობა. ამან მოგვცა საშუალება, რომ ფასების კლება დაწყებულიყო.

ჩვენ ახლა ვხედავთ, განსაკუთრებით არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, საწვავი [ფასი] მნიშვნელოვნად შემცირდა. საკმაოდ დიდი მუშაობა მოგვიწია ჩამოყალიბებულ ქსელებთან და აქაც დავინახეთ, რომ იყო სივრცე შემცირების და ეს შემცირება გაგრძელდა სხვადასხვა აქციის ფორმატში და ა.შ. დღეს მნიშვნელოვნადაა შემცირებული [საწვავის ფასები]”, – განმარტა დავითაშვილმა.

საქართველოში საწვავი რამდენიმე თვის წინ რეკორდულად გაძვირდა. მაგალითად, 23 მარტს ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 4 ლარზე ძვირი ღირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი