ახალი ამბები

პაპუაშვილმა ჟურნალისტები გვარამიას მხარდამჭერი ბანერის გამო გააკრიტიკა

27 მაისი, 2022 • 1121
პაპუაშვილმა ჟურნალისტები გვარამიას მხარდამჭერი ბანერის გამო გააკრიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტები სხდომათა დარბაზში “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერი ბანერის გადმოკიდების გამო გააკრიტიკა.

მისი თქმით, მედიისთვის განკუთვნილი ლოჟა ჟურნალისტური საქმიანობისთვისაა განკუთვნილი და არა იმისთვის, რომ ჟურნალისტებმა თავად შექმნან ახალი ამბები.

“თქვენ რასაც აკეთებთ, სინამდვილეში ამით გადმოფინეთ ის პრობლემა რომელიც ქართულ მედიაში არის. სამწუხაროდ, ჟურნალისტების ნაწილი, ნაცვლად იმისა, რომ აშუქებდეს ახალ ამბებს, თავად არის ახალი ამბების შემქნელი. სწორედ ამით ხართ ახლა დაკავებული… ჟურნალისტების ლოჟით სარგებლობთ არა იმ პროფესიული დანიშნულებით, რომლისთვისაც არის გამოყოფილი”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილს პასუხად ჟურნალისტებმა ლოჟიდან “თავისუფლება ნიკას” გადმოსძახეს.

დღეს, 27 მაისს, პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლისას ჟურნალისტებმა “მთავარი არხის” დამფუძნებლის ნიკა გვარამიას მხარდამჭერი ბანერი – “თავისუფლება ნიკას” გადმოფინეს.

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი