ახალი ამბები

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

3 აპრილი, 2010 • 1379
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს პატრიარქი დღეს გამოქვეყნებულ სააღდგომო ეპისტოლეს დასასრულს  ტერიტორიულ მთლიანობის საკითხსაც  ეხება:  ”მიმაჩნია, რომ ჩვენისთანა პატარა სახელმწიფოსთვის საგარეო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი მეზობლებთან ურთიერთობაში, მთავარი იარაღი დიპლომატია და პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა უნდა იყოს”.

 პატრიარქს ასევე მნიშვნელოვნად მიჩნია ” პირდაპირი დიალოგის დაწყება აფხაზებთან და ოსებთან”.

 ” მათ (აფხაზებმა და ოსებმა) უნდა გააცნობიერონ, რომ მიმდინარეობს მსოფლიო გლობალიზაციის პროცესი და ერთად ცხოვრება ჩვენ მაინც აუცილებლად მოგვიწევს. არ ვიცი, ეს მათთვის რამდენად მისაღებია, მაგრამ მათი გადარჩენის გარანტია სწორედ ამაშია” – ნათქვამია ეპისტოლეში.

 ”გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუ აღნიშნული კონფლიქტი საერთაშორისო ძალთა დაპირისპირების შედეგია, ბუნებრივია, მათ გარეშე ამ პრობლემის მოგვარება გაჭირდება; მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ერთიანობის საპირწონე სხვა ღირებულებები არ არსებობს”.

 ”მე ყოველთვის იმედით ვარ აღვსილი და მჯერა, ადრე თუ გვიან საქართველო გაერთიანდება; მჯერა იმისაც, რომ მიწიერი გაგებით როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ჩვენი მდგომარეობა, უფლისათვის შეუძლებელი არაფერია. მთავარია, ვეძიებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს და ყოველივე მოგვეცემა” – ნათქვამია ეპისტოლეში.

 სააღდგომო ეპისტოლე სააგენტო ”ინტერპრესსნიუსმა” ქსკლუზიურად გამოაქვეყნა.

 ეპისტოლეში ილია II ხელისუფლებას თხოვს შექმნას  ისეთი სისტემა, რომელშიც უფრო მეტად იქნება დაცული პატიმართა და სნეულთა უფლებები: ”ვფიქრობ, სასწრაფო და გადაუდებელი მკურნალობა უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ, რომ ადამიანი უსახსრობის გამო არ გარდაიცვალოს და ექიმებსაც და სახელმწიფოსაც ღვთის წინაშე მორალური პასუხისმგებლობა ამაზე არ დაეკისროს”.

საქართველოში სასწრაფო და გადაუდებელი მკურნალობა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის უფასოა და მას სახელმწიფო აფინანსებს. 

 პატრიარქი გამოდის ასევე ინიციატივით გაათავისუფლონ პატიმრები ან ”მიმაგრების ადგილებზე გადაყვანის პროცესი დაჩქარდეს” რომლებმაც გაჭირვების გამო ჩაიდინეს მცირე დანაშაული ან შემთხვევით, ზოგჯერ კი სხვისი მიზეზით იმყოფებიან საპატიმროებში.

 ეპისტოლოში ილია II ასევე აცხადებს რომ ”ციხეში მყოფთათვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მეუღლესთან ცალკე შეხვედრის შესაძლებლობის მიცემა. დღეს არსებული იზოლაცია, ერთი მხრივ, მიზეზი ხდება ოჯახების დანგრევისა, მეორე მხრივ, კი პატიმარში არაჯანსაღი ფსიქიკური პროცესების განვითარებისა. ადამიანისათვის სასჯელად ისიც კმარა, რომ მას თავისუფლება აქვს აღკვეთილი;”

მასალების გადაბეჭდვის წესი