ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აფხაზეთსა და რუსეთს შორის გამშვები პუნქტი შესაძლოა გაუქმდეს” – კალაშნიკოვი

25 მაისი, 2022 • 2934
“აფხაზეთსა და რუსეთს შორის გამშვები პუნქტი შესაძლოა გაუქმდეს” – კალაშნიკოვი

რუსეთსა და აფხაზეთს შორის მდინარე ფსოუზე არსებული გამშვები პუნქტი, შესაძლოა, რუსეთ-ბელარუსის საზღვრის მსგავსად, გაუქმდეს – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა დსთ-ის საკითხებში ლეონიდ კალაშნიკოვმა დღეს 25 მაისს კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

რუსული მხარის განცხადებითვე, გამარტივებული გადაადგილება რუსეთს და აფხაზეთს შორის, ორმხრივი სურვილია.

დე ფაქტო საგარეო მინისტრმა ინალ არძინბამ, რომელიც მოსკოვში იმყოფება სამუშაო ვიზიტით, აღნიშნულ საკითხზე აფხაზურ მედიას განუცხადა, რომ საზღვრის გაუქმებაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული და ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთის საკითხზე იმუშავებს.

2022 წლის მარტის ბოლოს, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების, “Russia Today”-ს და Sputnik-ის მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის სოხუმში ვიზიტის ფარგლებში, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეხვედრის დროს რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზეც იყო საუბარი. კერძოდ, მედიის მაშინდელი ცნობით, ბჟანიამ სიმონიანთან დაიჩივლა რუსეთ-აფხაზეთის გამშვებ პუნქტზე გართულებული გადაადგილების რეჟიმის შესახებ, რომელსაც, მისი აზრით, გამარტივება არ აწყენდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი