ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთმა აფხაზურ მხარეს მოთხოვნები წაუყენა და უკრაინის მაგალითი შეახსენა

25 მაისი, 2022 • 7504
რუსეთმა აფხაზურ მხარეს მოთხოვნები წაუყენა და უკრაინის მაგალითი შეახსენა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი დსთ-ის საკითხებში ლეონიდ კალაშნიკოვი აცხადებს, რომ რუსული მხარისთვის შემაშფოთებელია აფხაზეთის საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები, რომლებიც რუსული ენის დისკრიმინაციისკენ არის მიმართული. ინფორმაციას ინტერფაქსი ავრცელებს.

“ჩვენ შეშფოთებული ვართ არსებული ინფორმაციით კანონმდებლობის შემუშავების შესახებ, რომელიც ფორმალურად აფხაზური ენის მხარდაჭერისკენ არის მიმართული, თუმცა, რეალურად – რუსული ენის დისკრიმინაციისკენ”, – უთხრა კალაშნიკოვმა მოსკოვში ოფიციალური შეხვედრის დროს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას.

საუბარია აფხაზეთში დეპუტატების არჩევნების შესახებ ადგილობრივ კანონმდებლობაში ცვლილებებზე, რომელიც ითვალისწინებს კანდიდატისთვის აფხაზური ენის ცოდნას.

“რუსული ენის სტატუსის გათვალისწინებით, მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების გამწვავებას”, – განაცხადა კალაშნიკოვმა.

მისივე თქმით, უკრაინის გამოცდილება აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მსგავსმა ზედაპირულმა მიდგომამ ვითარება გაართულოს.

გამოცემის თანახმად, კალაშინიკოვმა ასევე უთხრა არძინბას, რომ აფხაზეთის პარლამენტმა უნდა გაააქტიუროს მუშაობა უცხო ქვეყნის ჯაშუშების შესახებ კანონმდებლობის მიღების კუთხით და ამ მხრივ გაიზიაროს რუსეთის საკანონმდებლო გამოცდილება.

აფხაზური მხარის საპასუხო განცხადებები ან კომენტარები აღნიშნულ საკითხთან დაკავსირებით ჯერ არ გავრცელებულა.

რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რის შემდეგაც ორივე სუბიექტთან მრავალმხრივი სავალდებულო შეთანხმებები და ხელშეკრულებები გააფორმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი