ახალი ამბებისამართალი

სტუ-ში სხვების ხელფასებიდან 1 288 000 ლარი მიითვისეს – პროკურატურა

25 მაისი, 2022 • 4141
სტუ-ში სხვების ხელფასებიდან 1 288 000 ლარი მიითვისეს – პროკურატურა

პროკურატურის თქმით, უწყებამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თაღლითური სქემა გამოავლინდა, რომლითაც ჯგუფი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხებს ეუფლებოდა.

ჯერჯერობით დაკავებულია ერთი პირი, დანარჩენებს ეძებენ.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებამ გამოვლინა, რომ უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი სხვადასხვა პერიოდში, სახელფასო ბაზების შევსებისას, ხელფასის დასარიცხად უთითებდა ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების პირად მონაცემებს, ხოლო მათ სახელფასო ანგარიშის ნაცვლად – საკუთარ საბანკო ანგარიშს, რის შედეგადაც მითითებული თანხები მის ანგარიშზე ირციხებოდა.

„გარდა ამისა, ბრალდებული ხელფასის გასაწერად შედგენილ დოკუმენტში, ხელფასის დასარიცხად უთითებდა მისი სანაცნობო წრიდან მოძიებული პირების პირად მონაცემებს და საბანკო ანგარიშის ნომრებს, რის შედეგადაც ბრალდებულის ნაცნობ პირებს, რომლებიც არ წარმოადგენდნენ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“-ს თანამშრომლებს, ერიცხებოდათ ვითომდა შრომითი ანაზღაურება.

აღნიშნული ქმედებებით, ბრალდებული, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა პირებთან ერთად თაღლითურად დაეუფლა „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“-ს კუთვნილ 1 288 000 ლარს,“ – წერია განცხადებაში.

საფინანსო სპეციალისტს ბრალდება ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი