ახალი ამბები

კლუბ KHIDI-ში ექსპოზიცია „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ გაიხსნა

25 მაისი, 2022 • 1238
კლუბ KHIDI-ში ექსპოზიცია „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ გაიხსნა

კლუბ KHIDI-ში ექსპოზიცია „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ გაიხსნა.

„ევროპული საქართველოს“ ცნობით, ექსპოზიციის ფარგლებში, ვიზიტორებს ორი დღის განმავლობაში შეეძლებათ, მოისმინონ რეალური ისტორიები 1992-93 წლებში აფხაზეთში რუსული აგრესიისა და სისასტიკის შესახებ, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, იხილონ საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი, რეალური ფოტო და ვიდეო მასალა. ექსპოზიციის ნახვა 25 მაისს 10:00 დან-22:00 საათამდე, ხოლო 26 მაისს 12:00-დან 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

„ჩვენ მყარად გვჯერა, რომ ყველა საზოგადოებაში ამ საზოგადოების წარსული საუბრობს. იმისათვის, რომ აწმყოსა და მომავალზე, მტერსა და მოყვარეზე, კეთილსა და ბოროტზე სწორი დასკვნები გამოვიტანოთ, წარსული უნდა გავიაზროთ და გვახსოვდეს. რუსეთის მიერ ბუჩაში, მარიუპოლში, ირპენში, გოსტომელსა და უკრაინის სხვა ქალაქებში ჩადენილი ომის დანაშაულები გენოციდად შეფასდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და არაერთი სხვა მსოფლიო ლიდერის მიერ. ესტონეთმა, ლატვიამ და კანადამ უკრაინელების გენოციდი ოფიციალურად აღიარეს.  ბევრს ავიწყდება, ბევრმა არც კი იცის, რომ ბუჩამდე და მარიუპოლამდე გაგრა და ოჩამჩირე იყო — გატყავებულ ახალდაბელ ბავშვს, რომელზეც თვითმხილველი რუსი ჟურნალისტი ყვება, ხორცზე ეწერა, რომ “ქართული ძაღლი იყიდება კუპონზე“. მაშინ საერთაშორისო თანამეგობრობა საბჭოთა კავშირზე გამარჯვებას, “ისტორიის დასასრულს“ ზეიმობდა და ბოროტების იმპერიის კუდის მოქნევაზე ადეკვატური პასუხის გასაცემად მზად არ იყო. მაგრამ უფრო დიდი პრობლემა ისაა, რომ რუსეთის მიერ საქართველოში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის საზარელი მასშტაბი არც ჩვენს საზოგადოებას აქვს გაცნობიერებული“, — ნათქვამია ორგანიზატორების ერთობლივ განცხადებაში.

ორგანიზატორების აზრით, რუსეთის მიერ ქართველების გენოციდის შესახებ მუდმივმოქმედი ექსპოზიცია ოკუპაციის მუზეუმში უნდა იყოს და საშუალო სკოლის პროგრამის ნაწილი გახდეს მისი მონახულება.

მასალების გადაბეჭდვის წესი