ახალი ამბები

დიზელის დაღვრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

2 აპრილი, 2010 •
დიზელის დაღვრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

2 აპრილს, დაახლოებით,  ღამის  2:30 წუთზე თბილისის რკინიგზის სადგურის დამახარისხებელ პარკში, რომელიც თბილისში, სამგორის რაიონში მდებარეობს, მატარებლის შუა შემადგენლობის  ვაგონები გადაბრუნდა. საწვავით დატვირთულ მატარებელი  აზერბაიჯანიდან მოდიოდა. 

შემოსვლის დროს,  სატვირთო მატარებლის ოთხივე ვაგონი, რომელიც გადაბრუნდა,  დიზელის საწვავით იყო დატვირთული.  როგორც  საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების დირექტორის მოადგილემ, დავით გელაშვილმა თქვა,  ჩავარდნის მიზეზებთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე,– მიმდინარეობს გამოძიება. „ეს ოთხივე ვაგონი არის აზერბაიჯანის რკინიგზის კუთვნილება, და იმ ვაგონს, რომელიც პირველად ასცდა ლიანდაგს, აქვს  სერიოზული დეფექტები და ხარვეზები, რამაც, ჩვენი აზრით,   ლიანდაგიდან აცდენა გამოიწვია“, –აღნიშნავს დავით გელაშვილი.

საწვავით დატვირთული მატარებელი  აზერბაიჯანიდან მოდიოდა და მისი მიმღები საქართველოში აზერბაიჯანული კომპანია  „სოკარია“.  ქართულმა მხარემ აზერბაიჯანულ მხარეს უკვე გაუგზავნა შეტყობინება მომხდართან დაკავშირებით. როგორც გელაშვილმა განაცხადა, აზერბაიჯანის  წარმომადგენლობა უკვე თბილისშია და  ერთობლივად შეეცდებიან მომხდარი ფაქტის გამოძიებას. კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ გარემოს დამცველებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი