ახალი ამბები

დამიდგინეს ტრავმა ხერხემალზე, საჭიროა პოლიტიკისგან სრულად დაცლილი მკურნალობა – სააკაშვილი

24 მაისი, 2022 • 560
დამიდგინეს ტრავმა ხერხემალზე, საჭიროა პოლიტიკისგან სრულად დაცლილი მკურნალობა – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის აცხადებს, რომ ზურგის არეში ძლიერი ტკივილები აქვს, ხოლო მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიამ დაუდგინა ხერხემალზე ტრავმა, რაც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს ტრავმა დიდი ალბათობით გლდანში, ძალის გამოყენებით გადაყვანისას მიიღო:

„დღესდღეისობით მაქვს ზურგის არეში ძლიერი ტკივილები და დღეში ზოგჯერ რამდენჯერმე ტკივილგამაყუჩებელ ნემსს მიკეთებენ. მაქვს თავბრუსხვევა და ძლიერი ტრემორი (კანკალი)ორივე ხელში და სულ უფრო ძნელად, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, განსაკუთრებით მარცხენა ხელს, მაქვს მუდმივი ძლიერი ტკივილი ქვედა კიდურებში“, – წერს სააკაშვილი 24 მაისს გავრცელებულ წერილში. წერილი ეკა ხერხეულიძემ გააცნო მედიას.

მიხეილ სააკაშვილის თქმითვე, ნეიროქირურგმა, რომელმაც იგი გასინჯა, გამოთქვა ვარაუდი, რომ „კუნთები შეიძლება მალე ჩაიკეტოს და შემდეგ იმის აღდგენა შეუძლებელი იქნება“.

„მე არ ვიცი ეს რას ნიშნავს ზუსტად, მაგრამ ის, რაც ვიცი, ნამდვილად ასეა, რომ სულ უფრო მიჭირს გადადგილება და ძირითადად წოლის რეჟიმში ვიმყოფები. MRT-ით ასევე თავის ტვინშიც დადგინდა გარკვეული ცვლილებები, რის შესახებაც მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ამ ყველაფერს ემატება რამდენიმე ათეული დღის განმავლობაში საკვების სრული მიუღებლობა“, – აცხადებს სააკაშვილი.

„საქმე იმაშია, რომ მხოლოდ მოწოდებებით, რომ არ ვიწვე და ვიკვებო, საქმე არ სწორდება, თორემ ვინც მიცნობთ, ყველამ კარგად იცით, რომ ვერტიკალური მდგომარეობა არ მახასიათებს და არც უმადობას ვუჩიოდი ოდესმე. საჭიროა პოლიტიკისგან სრულად დაცლილი მკურნალობა, რისი მიღებაც საქართველოში ამ ეტაპზე შეუძლებელია“, – აცხადებს იგი.


მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა.

ოჯახი და ადვოკატები სააკაშვილის გადაყვანას სამკურნალოდ საზღვარგარეთ ითხოვდნენ, რადგან  მათი თქმით, მისი მდგომარეობის მართვა საქართველოში „შეუძლებელია“.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის საჭიროება მხოლოდ მაშინ შეიძლება დადგეს, თუკი გამოჩნდება, რომ საქართველოში მისი მკურნალობისთვის საჭირო რესურსი არ არსებობს.

სარჯველაძის 12 მაისს გაკეთებული კომენტარის თანახმად, ამ ეტაპზე წინაპირობაც არ არსებობს იმისა, რომ ამგვარად შეიძლება განვითარდეს მოვლენები.

მასალების გადაბეჭდვის წესი