ახალი ამბები

რუსეთს გარკვეული წინსვლა აქვს ლუგანსკში, თუმცა უკრაინა თავს იცავს — ბრიტანეთის დაზვერვა

24 მაისი, 2022 • 1279
რუსეთს გარკვეული წინსვლა აქვს ლუგანსკში, თუმცა უკრაინა თავს იცავს — ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ცნობების თანახმად, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს, ოპერაციების ინტენსივობის გაზრდის ფონზე, უკრაინაში გარკვეული წარმატება აქვს, თუმცა უკრაინული მხარე მოწინააღმდეგეს ძლიერ წინააღმდეგობას უწევს.

ყოველდღიური სადაზვერვო ცნობარის 24 მაისის გამოშვებაში ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ რუსეთმა გაზარდა თავისი ოპერაციების ინტენსივობა დონბასში და ცდილობს, ალყაში მოაქციოს სევეროდონეცკი, ლისჩანსკი და რუბიჟნე.

„უკრაინული მხარე ძლიერ წინააღმდეგობას უწევს რუსეთის ფედერაციას, – უკრაინული ჯარები ამ დრომდე იკავებენ კარგ თავდაცვით პოზიციებს. უკრაინის დიდი ხნის დაარსებული ერთობლივი ძალების ოპერაცია, სავარაუდოდ, ინარჩუნებს ეფექტურ კონტროლს ამ ფრონტზე. თუმცა რუსეთმა მაინც მიაღწია გარკვეულ წარმატებებს, ნაწილობრივ, საარტილერიო დანაყოფების მობილიზების ფონზე“, – აცხადებს სამინისტრო.

ბრიტანეთის სადაზვერვო ცნობების თანახმად, რუსეთის მიერ სევეროდონეცკის აღების შემთხვევაში, ლუგანსკის მთელი ოლქი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცევა.

„მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ეს [სევეროდენეცკი] რუსეთის კამპანიის მთავარი მიმართულებაა, ეს ოპერაცია დონბასის დაპყრობის კამპანიის მხოლოდ ერთი ნაწილია. თუკი დონბასის ფრონტის ხაზი დასავლეთით გადაიწევს, ეს გააფართოვებს რუსეთის საკომუნიკაციო ხაზებს და, სავარაუდოდ, მის ძალებს შეუქმნის დამატებით სირთულეების ლოჯისტიკურ მომარაგებაში“, – წერია განცხადებაში.

„ომის სწავლების საერთაშორისო ინსტიტუტიც“ (ISW) წერს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ოპერაციას სევეროდონეცკისთვის ალყის შემორტყმის მიზნით და „მცირე მნიშვნელობის წარმატებებს“ მიაღწიეს ბოლო 24 საათის განმავლობაში, – წაიწიეს ჩრდილოეთით, ქალაქ ზოლოტეს გავლით. ბრძოლა გრძელდება ლიმანის მიმართულებით (სევეროდონეცკის ჩრდილოეთით).

ამასთან, ინსტიტუტის თანახმად, რუსული ძალები სავარაუდოდ წარმატებას მოიპოვებენ ქალაქ პოპასნას დასავლეთით, თუმცა დიდი ალბათობით, ვერ მოახერხებენ ქალაქ ბახმუტის სწრაფად აღებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი