ახალი ამბები

იოსელიანი ოპოზიციას EU-ში ერთობლივი წერილის გაგზავნას სთავაზობს

23 მაისი, 2022 • 737
იოსელიანი ოპოზიციას EU-ში ერთობლივი წერილის გაგზავნას სთავაზობს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი ოპოზიციის წარმომადგენლებს სთავაზობს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს გაუგზავნონ ერთობლივი წერილი, სადაც დაუდასტურებენ მზადყოფნას, რომ მათი პასუხისმგებლობის ფარგლებში გააკეთებენ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის.

ლევან იოსელიანის განცხადებით, მან 2022 წლის მარტში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არ ვიცოდით აპირებდა თუ არა საქართველოს მთავრობა ევროკავშირში კანდიდატის სტატუსზე განაცხადის გაკეთებას, როგორც პარლამენტის ვიცე სპიკერმა, მისწერა ევროკავშირის სტრუქტურების ხელმძღვანელებს, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ვონ დერ ლეიენს და საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირში უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელის:

„წერილში დავუდასტურე ჩემი და ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულება დასავლური ღირებულებებისადმი და ევროკავშირისკენ სწრაფვის სურვილი, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანია. შესაბამისად, ვთხოვე, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის მხარი დაეჭირათ. ასევე, ვთხოვე, საქართველო გათვალისწინებული იყოს ყველა იმ შესაძლო ფორმატში, რომელშიც ევროკავშირი უკრაინის ევროკავშირთან დაახლოების საკითხს ან რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის გზებს განიხილავს“ – აცხადებს იოსელიანი.

მისი თქმით, 29 აპრილს, ლეიენისგან და ბორელისგან მიიღო პასუხი, სადაც ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი საქართველოს წევრობის განაცხადს მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილავს ქართველი ხალხისთვის, რომელსაც სურს ევროკავშირის ნაწილი იყოს (პასუხის სრული ტექსტი შეგიძლიათ ფოტოზე იხილოთ):

„ფაქტი არის ის, რომ ევროკავშირი მზად არის გააძლიეროს და გააღრმაოს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები, მთავარია რომ ჩვენ ვიყოთ მზად ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის გასაძლიერებლად. სხვა ჩვენს საქმეს ვერ გააკეთებს. ამიტომაც, ამჯერად პარლამენტში წარმოდგენილ ყველა ოპოზიციურ ჯგუფს და დამოუკიდებელ დეპუტატს გთავაზობთ, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს გავუგზავნოთ ერთობლივი წერილი, სადაც დავუდასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, რომ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის. მზად ვარ, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, საერთო ოპოზიციური წერილის გაგზავნის კოორდინირება, როგორც ვიცე-სპიკერმა, ჩემს თავზე ავიღო“ – ამბობს იოსელიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი