ახალი ამბები

რუსეთმა მორგან ფრიმენს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

21 მაისი, 2022 • 1127
რუსეთმა მორგან ფრიმენს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-ის მოქალაქეთა სია, რომელთაც ქვეყანაში შესვლას უკრძალავს. ჯამში, საუბარია 963 ადამიანზე, მათ შორის, მსახიობ მორგან ფრიმენზე.

სია მოიცავს ამერიკელ პოლიტიკოსებსაც, რომელთათვისაც რუსეთში შესვლის აკრძალვის ფაქტი აქამდეც იყო ცნობილი. მათ შორის არიან პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი ვაჟი, ასევე, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მისი ქმარი, კონგრესმენებთან, ელჩებთან და უფლებადამცველ აქტივისტებთან ერთად.

მოსკოვის თქმით, სია გამოქვეყნდა “აშშ-ის მიერ დაწესებული ანტირუსული სანქციების” საპასუხო ზომების კონტექსტში. მანამდე, სააგენტომ გამოაქვეყნა კანადის 26 მოქალაქის სია, რომლებსაც ასევე აეკრძალათ რუსეთში შესვლა.

უწყების თქმით, უშუალოდ მორგან ფრიმენს რუსეთში შესვლას უკრძალავენ 2017 წელს ჩაწერილი ვიდეოს გამო, რომელშიც მან “რუსეთი აშშ-ის წინააღმდეგ კონსპირაციაში დაადანაშაულა და გაახმიანა მოწოდება [რუსეთის] წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”.

საუბარია ვიდეოზე, რომელშიც ამერიკელი მსახიობი აღნიშნავდა, 2016 წლის არჩევნების დროს აშშ “რუსეთის შეტევის ქვეშ აღმოჩნდა” და მოუწოდებდა იმჟამინდელ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ეთქვა ამის შესახებ მოსახლეობისთვის.

ვიდეოში ფრიმენი ვლადიმერ პუტინს მოიხსენიებს KGB-ს ყოფილ აგენტად და საუბრობს შურისძიებაზე, რომელსაც, როგორც აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტი კიბერ თავდასხმებითა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს.

კლიპი მომზადდა “რუსეთის გამოძიების კომიტეტის” მიერ, რომელიც ჰოლივუდის რეჟისორიმა, რობ რეინერმა დააფუძნა, რათა გამოევლინა რუსეთის “აგრესიული ძალისხმევა ამერიკის დემოკრატიული პროცესის დასამხობად”.

მორგან ფრიმენის ვიდეოს რუსეთის სახელისუფლებო მედიის მხრიდან მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მიწასთანაა გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი და დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთს მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის, აშშ-მა და ევროპის სახელმწიფოებმა დაუწესეს უპრეცედენტო სანქციები.

მათ შორისაა რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების გაყინვა, არაერთი რუსული ბანკის ჩახსნა SWIFT-ის სისტემიდან და საჰაერო სივრცის ჩაკეტვა რუსული თვითმფრინავებისთვის.

სანქციები დაუწესდა მრავალ რუს ფიზიკურ პირსა და ბიზნესს, მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობის პირებს და ოლიგარქებს. შემზღუდველი ზომები ითვალისწინებს სანქცირებულ პირთა აქტივების გაყინვას და დასავლეთის ქვეყნებში მოგზაურობის უფლების ჩამორთმევას.

მასალების გადაბეჭდვის წესი