ახალი ამბები

„როსნეფტი”: შრიოდერმა კომპანიის დირექტორთა საბჭო დატოვა

20 მაისი, 2022 • 1082
„როსნეფტი”: შრიოდერმა კომპანიის დირექტორთა საბჭო დატოვა

„როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა განაცხადა, რომ „კომპანიის დირექტორთა საბჭოში მისი უფლებამოსილების გაგრძელება შეუძლებელია“.

ინფორმაცია ამის შესახებ „როსნეფტის“ საიტზე გამოქვეყნდა. ამავე მიზეზით დირექტორთა საბჭო დატოვა მათიას ვარნიგმა, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის ოპერატორი კომპანია Nord Stream AG-ის მმართველმა დირექტორმა.

შრიოდერი 2007 წლიდან ხელმძღვანელობს „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც არ დაუტოვებია პოსტი, რის გამოც გერმანიაში კრიტიკის ობიექტი გახდა. The New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შრიოდერმა თქვა, რომ გადადგება, თუ მოსკოვი შეწყვეტს ევროპისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდებას, რაც, მისი აზრით, არ მოხდება.

გერჰარდ შრიოდერი გერმანიის კანცლერის პოსტს 1998-2005 წლებში იკავებდა. შემდეგ ის მუშაობდა რუსეთთან დაკავშირებულ პროექტებში — „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს გარდა, ასევე, თავმჯდომარეობს Nord Stream AG-ის აქციონერთა კომიტეტს. 2022 წლის თებერვალში „გაზპრომმა“ იგი წარადგინა კომპანიის დირექტორთა საბჭოში, მაგრამ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გერმანიის პარლამენტმა ჩამოართვა გერჰარდ შრიოდერს ზოგიერთი პრივილეგია, რომლითაც ის როგორც ყოფილი კანცლერი სარგებლობდა. კერძოდ, შრიოდერი პარლამენტში ოფისისა და ბიუჯეტიდან ანაზღაურების გარეშე დარჩა.

Politico-ს ცნობით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უარყო ევროპარლამენტის მოთხოვნა გერჰარდ შრიოდერისთვის სანქციების დაწესების თაობაზე. შოლცმა თქვა, რომ გერმანიის პარლამენტის გადაწყვეტილება ოფისის ჩამორთმევის თაობაზე იყო თანმიმდევრული და სწორი.

„მე არ ვფიქრობ, რომ ამ მომენტში საჭიროა სხვა რამე. მაგრამ უკეთესი იქნება, თუ გერჰარდ შრიოდერი გადადგება თანამდებობიდან“, — განაცხადა შოლცმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი