ახალი ამბები

რუსეთში შესაძლოა, სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისთვის ზედა ასაკობრივი ზღვარი გაუქმდეს

20 მაისი, 2022 • 746
რუსეთში შესაძლოა, სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისთვის ზედა ასაკობრივი ზღვარი გაუქმდეს

რუსეთში შესაძლოა, სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისთვის ზედა ასაკობრივი ზღვარი გაუქმდეს.

ინფორმაციას ემიგრაციაში მყოფი რუსული გამოცემა „Meduza“ ავრცელებს.

ინიციატივა „ედინაია რასიას“ დეპუტატებს, ანდრეი კარტაპოლოვსა და ანდრე კრასოვს ეკუთვნის.

ამჟამინდელი კანონმდებლობით, პირველი სამხედრო საკონტრაქტო სამსახურისთვის საჭიროა, რომ დაინტერესებული პირი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, 18-დან 40 წლამდე იყოს, უცხოელების შემთხვევაში კი ეს ასაკი 18-დან 30-მდე მერყეობს.

ახალი კანონის თანახმად, მსგავსი დათქმა გაუქმდება და იგი საპენსიო ასაკს გაუტოლდება. რუსეთის შემთხვევაში, მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკად 65 წელია დადგენილი.

ახსნა-განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონ-პროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ სამხედრო გამოცდილება 40-45 წლის ასაკში გროვდება, ამიტომ ამ ასაკის მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ ჯარში იმსახურონ.

უკრაინაში ომის თითქმის სამი თვის გასვლის შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალები, საერთო ჯამში, იმაზე ნაკლებ ტერიტორიას აკონტროლებენ, ვიდრე ომის დაწყების პირველი კვირის ბოლოს.

უკრაინული მხარის თანახმად, რუსეთმა დაკარგა 28 000-ზე მეტი ჯარისკაცი.

რუსული ჯარები, უკრაინული წინააღმდეგობის შედეგად, გავიდნენ ჟიტომირის, კიევის, ჩერნიჰივის, სუმის, ოლქებიდან. ასევე დატოვეს დაკავებული ტერიტორიები მიკოლაევის ოლქშიც.

უკრაინული ძალები ამჟამად საოკუპაციო გარნიზონებს ხარკოვის ოლქში უტევენ. ვრცელდება ცნობები, რომ რიგ მიმართულებებზე უკრაინულმა არმიამ რუსეთთან სახელმწიფო საზღვრამდეც მიაღწია.

ბრძოლები მიმდინარეობს ლუგანსკის ოლქში, სადაც რუსული ძალები ქალაქ სევეროდონეცკის აღებას ცდილობენ.

ასევე ბრძოლებია დონეცკის, ხერსონის, ჟაპოროჟიას ოლქებსა და შავი ზღვის აკვატორიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი