ახალი ამბები

რუსეთი: სტუდენტების მხარდაჭერა ომის კრიტიკოს ლექტორს, რომელიც იძულებული გახდა, გადამდგარიყო

20 მაისი, 2022 • 5446
რუსეთი: სტუდენტების მხარდაჭერა ომის კრიტიკოს ლექტორს, რომელიც იძულებული გახდა, გადამდგარიყო

რუსეთში, მოსკოვში მოქმედი სახელმწიფო აკადემიის ლექტორი, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს “სამარცხვინო და საზიზღარი” უწოდა და 9 მაისთან დაკავშირებულ მითებზე ისაუბრა, იძულებული გახდა, დაეტოვებინა როგორც თანამდებობა, ისე ქვეყანა. არაერთმა სტუდენტმა მას მხარი დაუჭირა.

დენის გრეკოვი რუსეთის ეროვნული ეკონომიკისა და საჯარო მმართველობის საპრეზიდენტო აკადემიაში(RANEPA) საქმიანობდა. ფილოსოფოსმა და პოლიტიკის მეცნიერმა, რომელიც კრიტიკული აზროვნების კურსზე კითხულობდა ლექციებს, სოციალურ მედიაში პოსტი 8 მაისს გამოაქვეყნა.

“რეალობამ გააუქმა ყველა მითი 9 მაისის და დიდი გამარჯვების შესახებ. გარე დამკვირვებლისთვის, რუსეთის ადგილი ამ მითში შეიცვალა თაობათა ცვლის, ამჟამინდელი რეჟიმის „შორსმხედველი“ პოლიტიკისა და [უკვე] ახლა — მის მიერ დაწყებული სამარცხვინო, საზიზღარი ომის შედეგად.

პუტინის რუსეთმა ახლა უკვე ნამდვილად და მყარად დაიკავა მესამე რაიხის ადგილი, ლუკაშენკოს ბელარუსმა, კი როგორც ჩანს, ფაშისტური იტალიის როლი მოირგო”, — დაწერა მან.

BBC-სთან საუბრისას გრეკოვმა აღნიშნა, რომ 10 მაისის საღამოს აკადემიის შესაბამისი დეპარტამენტის უფროსმა დაურეკა და შეხვედრაზე დაიბარა.

მეორე დილით, როგორც თავად ამბობს, შესთავაზეს, საკუთარი ნებით გადამდგარიყო, განცხადება კი 6 მაისით დათარიღებულიყო, რათა შექმნილიყო სურათი, რომ როცა გრეკოვმა ხსენებული პოსტი დაწერა, ის უკვე აღარ იყო აკადემიის თანამშრომელი.

გრეკოვი თანამდებობიდან გადადგომას დათანხმდა:

“ეს განზრახ გავაკეთე, რათა არ გაჩენილიყო ჩვენი ფაკულტეტისა და განყოფილების დევნის საფუძველი. არ ვისურვებდი, რომ ისინი ჩემზე თავდასხმის გამო დაზარალებულიყვნენ”, — დასძინა მან.

სანამ გადადგებოდა, 10 მაისს, უფროსის სატელეფონო ზარის გარდა, დენის გრეკოვმა სიძულვილის შემცველი მრავალი შეტყობინება მიიღო სოც. ქსელებში. სწორედ იმ დღეს გამოაქვეყნა მისივე უნივერსიტეტის თანამშრომელმა, ისტორიკოსმა ნატალია ტანშინამ პოსტი ტელეგრამზე, რომლითაც აღშფოთება გამოხატა გრეკოვის ზემოხსენებული მოსაზრებების გამო.

ტაშნინამ ციტატა მოიყვანა თავისი კოლეგის პოსტიდან 9 მაისსა და ომზე, შემდეგ კი დაწერა:

“როდესაც ასეთი განმანათლებლები ჰყავს ახალ თაობას, გარე მტრები არ გვჭირდება, ჩვენ თვითონ გავაფუჭებთ და გავანადგურებთ ყველაფერს”.

მანვე იკითხა:

“საინტერესოა, მასწავლებელი იმავე იდეებს ახმოვანებს აუდიტორიაში, სტუდენტებთან? მისი წინა პოსტებით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან უყვარს სტუდენტებთან საუბარი მიმდინარე პოლიტიკაზე”.

ნატალია ტაშნინას ეს გამოხმაურება 200 000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა. როგორც გრეკოვი ამბობს, მისი და ტაშნინას გზები ხშირად იკვეთებოდა სამუშაო გარემოში და ამ უკანასკნელს გრეკოვის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაშიც მიუღია მონაწილეობა.

“არსებობს განსხვავება ისტორიულ მეხსიერებაზე, თავად ომზე საუბარსა და მათ შესახებ არსებულ პროპაგანდაზე საუბარს შორის. მე ვისაუბრე პროპაგანდაზე, მან[ტაშნინამ] კი ისე წარმოაჩინა, თითქოს ისტორიულ მეხსიერებაზე ვლაპარაკობდი”, — დასძინა მან.

აწ უკვე გადამდგარი ლექტორი ასევე დასძენს, რომ:

“პროპაგანდისტული მითი წყვეტს მუშაობას. მეზობელი ქვეყნები, რომელთა მოსახლეობაც ჩვენთან ერთად იზიარებდა მითით შექმნილ ერთიანობას, ახლა ამას თავს არიდებენ და თუ მიდრეკილნი არიან 9 მაისის აღნიშვნისკენ, [მას აღნიშნავენ] როგორც ეროვნულ დღესასწაულს და არა როგორც საერთო გამარჯვებას”.

სტუდენტური გამოცემის, Vyshka-ს თანახმად, გრეკოვის გარშემო განვითარებულ პროცესებს აკადემიის სტუდენტთა ნაწილი ადმინისტრაციისადმი ღია წერილით გამოეხმაურა. ისინი მხარს უჭერენ ლექტორს.

“ჩვენ, RANEPA-ს სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტები, გამოვთქვამთ ღრმა უკმაყოფილებას უნივერსიტეტის პოლიტიკის გამო, [რომელსაც ის] ჩვენი პროფესორების მიმართ [ატარებს].

ჩვენ უკანონოდ და უსამართლოდ მივიჩნევთ დენის ანატოლიევიჩ გრეკოვის, კრიტიკული აზროვნებისა და ფილოსოფიის კურსების უფროსი ლექტორის გათავისუფლებას RANEPA-ს სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტიდან”, – ნათქვამია წერილში.

სტუდენტების თქმით, მათ იციან, რომ დენის გრეკოვს გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა იმ პოსტის გამო სთხოვეს, რომელიც სოც. ქსელში, პირად გვერდზე გამოაქვეყნა. ხელმომწერთა თქმით, ამის მიზეზი გრეკოვის პოსტზე ნატალია ტაშნინას გამოხმაურებაა.

“დენის გრეკოვი არის შესანიშნავი მასწავლებელი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, ძალიან პოპულარული და პატივსაცემი სტუდენტებს შორის და მისი წასვლა მნიშვნელოვანი დანაკლისია მთელი სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტისთვის.

ჩვენ წინააღმდეგი ვართ იმისა, რომ მასწავლებლის პირადი მოსაზრება და [ამ მოსაზრების] გამოთქმა უნივერსიტეტის კედლებს მიღმა, მის გათავისუფლებას განაპირობებდეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება ეთიკას და კანონს”, — ნათქვამია წერილში, რომელსაც 260-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.

თავად დენის გრეკოვმა, BBC-ს თანახმად, რუსეთი 16 მაისის ღამით დატოვა ხელისუფალთა მხრიდან დევნის თავიდან ასაცილებლად. მისი თქმით, სამომავლოდ გეგმავს, რომ აღნიშნული საქმე კრიტიკული აზროვნების შესახებ კურსებში გამოიყენოს.

ფოტო: BBC

მასალების გადაბეჭდვის წესი