ახალი ამბები

რუსი დეპუტატი, რომელმაც ომი გააკრიტიკა, აშშ-მექსიკის საზღვარზე დააკავეს

19 მაისი, 2022 • 3012
რუსი დეპუტატი, რომელმაც ომი გააკრიტიკა, აშშ-მექსიკის საზღვარზე დააკავეს

რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკის დუმის დეპუტატი, რომელმაც თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ ომი გააკრიტიკა, აშშ-მექსიკის საზღვარზე დააკავეს. აღნიშნულის შესახებ გამოცემა Meduza წერს რუსულ სააგენტოებზე დაყრდნობით.

სახელმწიფო სააგენტო RIA Novosti იშველიებს “წყაროს”, რომლის თანახმადაც დეპუტატ ვიქტორ კამენშჩიკოვის დაკავების მიზეზი, სავარაუდოდ, საზღვრის უკანონოდ კვეთის მცდელობა იყო.

კიდევ ერთი რუსული გამოცემა PrimaMedia კი, რომელმაც ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა, იუწყება, რომ დეპუტატს ჰყავს შვილი, რომელსაც აშშ-ის მოქალაქეობა აქვს, ვინაიდან იქ დაიბადა.

სახელმწიფო მედიის მიხედვით, კამენშჩიკოვი, რომელიც “კომუნისტური პარტიის” წევრი იყო, მოქმედ დეპუტატად ფიქსირდება, თუმცა სხდომებზე თებერვლის ბოლოდან აღარ გამოჩენილა.

შემდეგ მან პარტიიდან წასვლაზე განცხადება დაწერა, თქვა, რომ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის სამხედრო კამპანიას უკრაინაში და მზად იყო, ამის გამო სადეპუტატო მანდატიც დაეთმო. თავად “კომუნისტური პარტია” მხარს უჭერს ომს უკრაინის წინააღმდეგ.

“მე არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის პოზიციას. მან რეალურად მხარი დაუჭირა სამხედრო ოპერაციებს უკრაინაში, რუსული ჯარების გამოყენებას მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. და მე პრინციპულად ომის წინააღმდეგი ვარ”, — ციტირებს დეპუტატს გამოცემა რუსული გამოცემა Kommersant.

“კომუნისტური პარტიის” პრიმორსკის რეგიონული კომიტეტის პირველმა მდივანმა ანატოლი დოლგაჩოვმა Kommersant-ს უთხრა, რომ მას შემდეგ რაც კამენშჩიკოვმა პარტია დატოვა, მას შესთავაზეს, დეპუტატის უფლებამოსილებაც დაეთმო, თუმცა მან ეს არ გააკეთა.

დოლგაჩოვმა არ იცის, სად იმყოფება დეპუტატი ამჟამად. მისივე თქმით, პარტია დაჟინებით მოითხოვს კამენშჩიკოვისთვის მანდატის ჩამორთმევას, ვინაიდან ეს “პრინციპის საკითხია”.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მიწასთანაა გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი და დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი