ახალი ამბები

უკრაინაში ბრალდებული რუსი ჯარისკაცის ბოდიში მოკლულის ქვრივს

19 მაისი, 2022 • 2718
უკრაინაში ბრალდებული რუსი ჯარისკაცის ბოდიში მოკლულის ქვრივს

უკრაინაში სამხედრო დანაშაულისთვის პირველი რუსი ჯარისკაცის გასამართლება დაიწყო.

21 წლის რუს ტანკისტს ციმბირიდან, ვადიმ შიშიმარინს ბრალად ედება სამოქალაქო პირის, 62 წლის მამაკაცის მკვლელობა 28 თებერვალს, რუსეთის შეჭრიდან ოთხ დღეში. პროკურატურის ცნობით, შიშიმარინი სატანკო დივიზიის ქვედანაყოფს მეთაურობდა, როდესაც მისი კოლონა თავდასხმაში მოჰყვა. მან და სხვა ოთხმა ჯარისკაცმა მანქანა მოიპარეს და სუმის რაიონის სოფელ ჩუპახივკასთან მოგზაურობისას ველოსიპედზე მჯდომ 62 წლის მამაკაცს წააწყდნენ.

„ერთ-ერთმა ჯარისკაცმა უბრძანა ბრალდებულს მოეკლათ სამოქალაქო პირი, რათა მას არ ემხილებინა ისინი“, — აცხადებენ პროკურატურაში.

18 მაისის სასამართლო პროცესზე ვადიმ შიშიმარინს მოკლულის ქვრივი კატერინა შელიპოვა დაუპირისპირდა.

კატერინა შელიპოვა. ფოტო: Reuters

BBC-ის ცნობით, კატერინა შელიპოვამ ბრალდებულს ჰკითხა, რას გრძნობდა, როცა ქმარი მოუკლა და მოინანია თუ არა დანაშაული?

ჯარისკაცმა უპასუხა, რომ დანაშაული აღიარა და ქალს პატიება სთხოვა.

”მაგრამ მე მესმის, რომ თქვენ ვერ შეძლებთ მაპატიოთ”, — დასძინა მან.

„გთხოვ მითხარი, რატომ მოხვედით აქ? ჩვენს დასაცავად? ვისგან დასაცავად? დამიცავი ჩემი ქმრისგან, რომელიც მოკალი?” — მიმართა კატერინა შელიპოვამ ბრალდებულს.

ჯარისკაცს ამაზე პასუხი არ ჰქონდა. ვადიმ შიშიმარინი ამტკიცებს, რომ მას არ სურდა სასიკვდილო გასროლა, მაგრამ ასრულებდა ბრძანებას — სხვა ჯარისკაცი ემუქრებოდა, თუ უარს იტყოდა ამის გაკეთებაზე.

სასამართლოს კითხვაზე, არის თუ არა დამნაშავე ხანდაზმული სამოქალაქო პირის მკვლელობაში, სერჟანტმა უპასუხა „დიახ“.

კრემლის პრესპიკერმა მანამდე განაცხადა, რომ არ იცის საქმის შესახებ და დიპლომატიური მისიის არარსებობის გამო, ასევე ძალიან შეზღუდულია რუსეთის შესაძლებლობა, დაეხმაროს უკრაინაში ბრალდებულ მის მოქალაქეს.

ჯარისკაცის ადვოკატმა ვიქტორ ოვსიანიკოვმა, თქვა, რომ მოწმეთა ჩვენებების მოსმენის შემდეგ შეიმუშავებს დაცვის სტრატეგიას და სასამართლო პროცესს უპრეცედენტო უწოდა.

„უკრაინაში ასეთი პირველი სისხლის სამართლის საქმეა. მოსამართლეებს აქამდე არასოდეს გამოუცხადებიათ მსგავსი განაჩენები“, — განაცხადა მან სხდომის შემდეგ.

უკრაინის ხელისუფლებამ ჯარისკაცის დაკავება მაისში გამოაცხადა ვიდეოსთან ერთად, რომელშიც შიშიმარინი ამბობდა, რომ ის იბრძოდა „დედისთვის ფინანსურად დასახმარებლად“.

უკრაინის მთავარმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ Twitter-ზე დაწერა, რომ არსებობს „ომის დანაშაულების 11 000-ზე მეტი მიმდინარე საქმე და უკვე 40 ეჭვმიტანილი“.

„ამ პირველი სასამართლო პროცესით ჩვენ ვაგზავნით მკაფიო სიგნალს, რომ ყოველი დამნაშავე, ყველა ადამიანი, ვინც ბრძანება გასცა ან დაეხმარა დანაშაულის ჩადენაში უკრაინაში, ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას“, — ამბობს უკრაინის ომბუდსმენი.

სასამართლო პროცესი უკრაინის ცენტრალურ სასამართლოში ხუთშაბათს გაგარძელდება. კიდევ ორ რუს სამხედროს სამოქალაქოების წინააღმდეგ რაკეტების გასროლისთვის გაასამართლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი