ახალი ამბები

თბილისში მედიის სოლიდარობის მარში იმართება

18 მაისი, 2022 • 1036
თბილისში მედიის სოლიდარობის მარში იმართება

თბილისში მედიის სოლიდარობის მარში იმართება.

აქცია მედიასაშუალებების მიერ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 16 მაისს, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია დააკავეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ნიკა გვარამიას დაპატიმრებით „ქართულმა ოცნებამ“ ერთდროულად გათელა ფეხქვეშ ადამიანის უფლებები, სასამართლო, სიტყვის თავისუფლება და ქვეყნის ევროპული მომავალი.

„დღეს, როცა გახსნილია შესაძლებლობის ფანჯარა, კრიტიკული მედიის მფლობელის დაპატიმრება არის უკან დახევა ათწლეულობით ნაბრძოლი და ნაშრომი ევროინტეგრაციის შესაძლებლობისგან და დაბრუნება რუსეთში, საიდან თავის დაღწევასაც საქართველოს პატრიოტთა არაერთი თაობის წარმომადგენელთა სიცოცხლე შეეწირა და ეწირება ახლაც.

კრიტიკული მედია დღეს ერთადერთია, რაც საქართველოს რუსეთისგან განასხვავებს და ახლა მედიას სოლიდარობა სჭირდება. 18 მაისს, 19:00-ზე, მედიის სოლიდარობის მარში რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება. გელით ყველას, ვისთვისაც მიუღებელია რუსეთში დაბრუნება და გსურთ მოიპოვოთ თავისუფლება“, – აცხადებენ მარშის ორგანიზატორები.

„რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი