ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

18 მაისი, 2022 • 1168
ირაკლი ღარიბაშვილი  იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს მის საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას, რაც ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

„მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც საქართველო ეფექტიანად იყენებს გაწევრიანების გზაზე არსებულ ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი როგორც ალიანსის, ასევე პარტნიორი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერას და მათთან მჭიდრო თანამშრომლობას. დადებითი შეფასება მიეცა ალიანსში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს.

გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც ალიანსის მტკიცე და სანდო პარტნიორის როლი და მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია როგორც გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“, – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის მისწრაფებების პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით.

მათივე ინფორმაციითმ, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს ნატო-ს მადრიდის სამიტის მოსამზადებელი საკითხები და მოლოდინები და საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკრაინის ომს, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ქართველი ხალხის სოლიდარობა კიდევ ერთხელ დააფიქსირა უკრაინელი ხალხის მიმართ.

„ალიანსის გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს პრემიერმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა პირადი ძალისხმევისთვის და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში არსებითი როლის შესრულებისთვის“, – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

ღარიბაშვილთან შეხვედრის შესახენ ტვიტერზე დაწერა იენს სტოლტენბერგმაც. მისი თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.

ნატო-ს მჭიდრო პარტნიორი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ვისაუბრეთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომზე. ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს“,- წერს იენს სტოლტენბერგი.

მანამდე, ნატოს ვებ გვერდზე აისახა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილისა და სტოლტენბერგის შეხვედრა რამდენიმე დღით ადრე ჩანიშნული შეხვედრა გაუქმდა. თუმცა, ცოტა ხანში ნატო-ს ვებგვერდზე განახლდა ინფორმაცია, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი