ახალი ამბები

რუსეთის თქმით, “აზოვსტალის” 1000-მდე მცველი “ჩაბარდა”

18 მაისი, 2022 • 1074
რუსეთის თქმით, “აზოვსტალის” 1000-მდე მცველი “ჩაბარდა”

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მის ძალებს “ჩაბარდა” 1 000-მდე უკრაინელი მებრძოლი, რომელიც მანამდე ქალაქ მარიუპოლში მდებარე “აზოვსტალის” ქარხანაში იყო გამაგრებული.

უწყების განცხადებით, ბოლო 24 საათში “აზოვის” პოლკის 694 მებრძოლი ჩაბარდა, ჯამში კი საუბარია 959 მებრძოლზე. ეს რიცხვი მოიცავს იმ 265 სამხედროსაც, რომლებიც, მოსკოვის თანახმად, ორშაბათის ევაკუაციის დროს გაიყვანეს ტერიტორიიდან.

ის უკრაინელი მებრძოლები, რომლებიც ფოლადის ქარხნის ტერიტორიას ტოვებენ, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაჰყავთ. BBC-ის თანახმად, უკრაინის ხელისუფლებას ჯერ არ გაუვრცელებია განახლებული ცნობები იმაზე, თუ რამდენმა ადამიანმა დატოვა აზოვსტალი დღეს, 18 მაისს.

მანამდე, 17 მაისს, “აზოვის” პოლკის დამფუძნებელმა ანდრეი ბილეცკიმ თქვა, რომ მას კავშირი ჰქონდა “აზოვის” სამხედრო მოსამსახურეებთან და “გარნიზონი ადგილზეა. გარნიზონი, იარაღით ხელში”.

მანვე მოუწოდა საზოგადოებას, თავი შეიკავონ ევაკუაციის კომენტირებისგან თუ კრიტიკისგან და არ დააზიანონ მებრძოლთა გადარჩენის ოპერაცია.

“აზოვსტალის” ქარხანა ამ დრომდე წარმოადგენდა უკრაინის ძალების ბოლო დასაყრდენს მიწასთან გასწორებულ, 80 დღის მანძილზე ალყაშემორტყმულ საპორტო ქალაქში. რუსეთი კვირების მანძილზე ბომბავდა მარიუპოლს.

მიმდინარე კვირაში უკრაინის არმიამ თქვა, რომ უკრაინულმა ძალებმა დაასრულეს თავიანთი „საბრძოლო მისია“ მარიუპოლში, რის შემდეგაც ქარხნიდან სამხედროების ევაკუაცია და მათი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანა დაიწყო.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა სამშაბათს იმედი გამოთქვა, რომ რუს ტყვეებს უკრაინელ მებრძოლებში გაცვლიან და ასე დააბრუნებენ ამ უკანასკნელებს კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

თუმცა, რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი დასძენს, რომ “ნაცისტი კრიმინალები არ უნდა გაიცვალონ”, კიდევ ერთი რუსი დეპუტატი ლეონიდ სლუცკი კი, რომელიც უკრაინასთან ერთ-ერთი მომლაპარაკებელია, ევაკუირებულ მებრძოლებს უწოდებს “ცხოველებს ადამიანის ფორმაში” და ამბობს, რომ მათ სიკვდილით დასჯა ეკუთვნით.

დონეცკში მოქმედი სეპარატისტების ლიდერის, დენის პუშილინის თქმით, სასამართლო გადაწყვეტს იმ უკრაინელი მებრძოლების ბედს, რომლებიც ჩაბარდნენ. ამასთან, Reuters ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ პუშილინის თქმით, მარიუპოლის გარნიზონის უმაღლესი მეთაურები ჯერაც “აზოვსტალში” რჩებიან და არ დანებებულან.

უკრაინაში აცხადებენ, რომ ევაკუაცია იყო ერთადერთი გზა “აზოვსტალის” მცველების გადასარჩენად.

“სამწუხაროდ, სამხედრო განბლოკვა შეუძლებელია ამ სიტუაციაში. მათი გადარჩენის სხვა გზა ვერ იქნება გარდა იმისა, როგორც ეს ახლა ხდება. ეს იყო ერთადერთი გამოსავალი”, – თქვა ჰანა მალიარმა ბრიფინგზე.

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, რუსეთის ფედერალური გამომძიებლები ჯარისკაცებს დაკითხავენ პროცესის ფარგლებში, რომელსაც მოსკოვი “უკრაინის რეჟიმის დანაშაულების” გამოძიებად მოიხსენიებს.

კიევი მრავალგზის უარყოფს რუსეთის ბრალდებებს უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობის დევნაზე და დასძენს, რომ რუსეთის მედიაში ყოველდღიურად გამეორებული განცხადებები, თითქოს უკრაინას ნაცისტები მართავენ, რუსეთის მიერ წარმოებული ომის უსაფუძვლო საბაბია.

ცნობილია, რომ “აზოვსტალიდან” გაყვანილ მებრძოლებს შორის არიან დაჭრილებიც, რომელთაც, რუსეთის განცხადებით, ნოვოაზოვკსში, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე უმკურნალებენ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მიწასთანაა გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი და დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

ომი უკვე მესამე თვეა, მიმდინარეობს. ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქი მარიუპოლია, რომელიც ომის დაწყების შემდეგ რუსული ძალების ალყაში აღმოჩნდა.

რუსეთისთვის მარიუპოლის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ამის შემდეგ მიიღებს სახმელეთო გზას დონბასიდან ყირიმამდე და შეეძლება, შეტევა ახალი მიმართულებებით გადაიტანოს.

გამომდინარე აქედან, ქალაქი მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვისაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი