ახალი ამბები

იმედგაცრუებული ვარ გვარამიას დაპატიმრების გამო – ბრიტანეთის ელჩის მ/შ

16 მაისი, 2022 • 846
იმედგაცრუებული ვარ გვარამიას დაპატიმრების გამო – ბრიტანეთის ელჩის მ/შ

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კლერ ოლბლესი ეხმაურება ნიკა გვარამიას დაპატიმრებას და აცხადებს:

„იმედგაცრუებული ვარ, მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო. ბრიტანეთი თავისუფალი მედიის სადარაჯოზეა. თავისუფალი მედიის გარეშე მოქალაქეები, ვერ შეძლებენ საკუთარი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას“, – დაწერა მან ტვიტერზე.

გვარამიას პატიმრობა მიუსაჯეს

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა.

ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.

ბრალდების თანახმად, დანაშაული არის ის, რომ დირექტორს მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო კომპანიისთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო.

სახალხო დამცველის შეფასებით, ნიკა გვარამიას ქმედება არ იძლევა დანაშაულის შემადგენლობას.

გვარამასთან ერთად ბრალდებული იყო რ2-ის კიდევ ერთი ყოფილი მენეჯერი, კახა დამენია, რომელსაც 50000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს, ბრალდებული „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი კი მოსამართლემ გაამართლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი